და დე დი
დიდ დირ დიღ

დირსიჭალა

ძველი თბილისის ბაღებს შორის აღსანიშნავია დირსიჭალაც (ზოგჯერ მას დარსიჭალასაც უწოდებდნენ). იგი გაშენებული იყო მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ორთაჭალის მოპირდაპირე მხარეს, ოდნავ ქვევით მტკვრის დინების მიმართულებით. იმ ადგილზე მთიანი რელიეფი უკან იხევს მდინარის კალაპოტისაგან და მოგრძო ხევს ქმნის. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ როდესაც მე–19 საუკუნეში ქალაქმა დაიწყო ზრდა ნავთლუღისაკენ, დირსიჭალის ბაღები ხელუხლებელი დარჩა. თბილისის 1844 წლის გეგმაზე ნავთლუღში განლაგებული სამხედრო დასახლება («Слободка Навтлуг») უშუალოდ მიუახლოვდა დირსიჭალას, მაგრამ მიყვება ხევის პირს. სამხედრო დასახლება იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო შერწყმული სოფელ ნავთლუღთან. დასახლება დირსიჭალას ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა, ხოლო სოფელი ნავთლუღი კი აღმოსავლეთიდან. ასევეა უფრო გვიან (ჩვენი საუკუნის დასაწყისშიც) შედგენილ თბილისის გეგმაზეც სახელწოდების მეორე ნაწილი „ჭალა“ ადგილის წყლის პირას მდებარეობას მიუთითებს. რაც შეეხება დასახელების პირველ ნაწილს, ზოგიერთი მკვლევარის აზრით (თეიმურაზ ბერიძე „...და, აღმოცენდა თბილისი“. თბ., 1977 წ.) იგი ხევს უნდა მიანიშნებდეს. ეტიმოლოგიის ამგვარი გაშიფრვა სავსებით შეესატყვისება ადგილმდებარეობის ხასიათს.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9