და დე დი
დიდ დირ დიღ

დიღომი

დიღომი ერთ–ერთი უძველესი დასახლებულ ადგილთაგანია თბილისის შემოგარენში. 1970 წელს დიღმის მიდამოებში დაწყებულმა გათხრებმა მეტად საინტერესო მასალა მისცეს სპეციალისტებს (გათხრები გრძელდება) დიღმისწყლის მარცხენა ნაპირზე, მთის ძირას ნაპოვნია სხვადასხვა სახის ჭურჭელი, ქვის და თიხის ნაკეთობანი, რომლებიც საშუალებას იძლევიან თვალი გავადევნოთ ენეოლითისა და ადრებრინჯაოს ხანის კულტურების შენაცვლებას. გვიანბრინჯაოს ხანის (მე–2 ათასწლეულის მეორე ნახევარი და პირველი ათასწლეულის პირველი ნახევარი) ვრცელი დასახლება წარმოადგენდა სამხრეთ კალთაზე 1,5 კილომეტრის სიგრძეზე ტერასულად განლაგებულ განაშენიანებას. დიღმის მასივში აღმოჩენილი სამარხი მრავალშრიანია და მას რამდენიმე ათეული ჰექტარი უკავია. შუაბრინჯაოს ხანის ყორღანთან ერთად ნაპოვნია გრუნტის სამარხები ელინისტური და რომაული პერიოდებისა. იმ ფაქტს, რომ დიღმის ველი და მაღლობი შემდგომ ეპოქებშიაც იყო დასახლებული მოწმობს ადრეფეოდალური ეპოქის დასახლების ნაშთები და გვიანფეოდალური დროის სამარხები. აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა იმას მიუთითებს, რომ ამ ადგილას გვიანბრინჯაოს ხანიდან დაწყებული, განუწყვეტლივ არსებობდა დიდი დასახლება.

დიღომი ძლიერ გამაგრებული პუნქტი უნდა ყოფილიყო მცხეთის მისასვლელებთან. მას იხსენიებს ქართული მატიანე. „ხოლო ვახტანგ განაძლიერნა ციხე–ქალაქნი, და ურჩეულესი მებრძოლნი ერისა მისისა ვითარ ასი ათასი მხედარი, და ასი ათასნი ქვეითნი იპყრა მის თანა, და დაუბანაკა მათ დიღმით ვიდრე ქართლის კარამდე“ (ქართლის ცხოვრება, თბილისი, 1942, გვ. 121).

ქართლის ცხოვრების ამ ნაწყვეტში ლაპარაკია ვახტანგ გორგასალის მზადებაზე სპარსელებთან საბრძოლველად. დიღომი აგრეთვე ნახსენებია ბაგრატ მეოთხის შეხვედრის ცერემონიალის აღწერისას: „წარემართა თბილისად, და მოეგებნეს ქალაქის ბერნი ტფილელნი, დარბაზის ყმანი, ცხენოსანნი დიღმის ველსა, და ყოველი ქუეით დაკაზმული, და დედათა სიმრავლე იყო მეიდანს“. დიდი თურქობის დროს დიღომსა და ავჭალაში იდგნენ მოთარეშეთა რაზმები. მე–19 საუკუნემდე დიღომი მეფის მამულად ითვლებოდა, ხოლო შემდეგ იგი მუხრან–ბატონების ხელში გადავიდა.

თბილისის განაშენიანება თანდათან იპყრობს დიღმის ველს. დიღმის საცხოვრებელი მასივის მშენებლობა 1960 წელს დაიწყო (არქიტექტორები ჯ. ჯიბლაძე, ნ. მიქაძე, ი. მოსულიშვილი, ი. ჩხენკელი). თბილისის ჩრდილო–დასავლეთით, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე დიდუბის ხიდის ოდნავ მაღლა გამოიყო 270 ჰა. აქედან პროექტით 150 ჰა ეთმობა საცხოვრებელ უბნებს, ხოლო დანარჩენი – პარკს, სპორტულ ბაზას, კინოქალაქს. მასივის კომპოზიციურ ღერძს წარმოადგენს 50 მეტრი სიგანის ხეივანი, რომლის ორთავ მხარეზე დაპროექტდა 4 მიკრორაიონი და 2 კვარტალი. ორი ხეივნის შესაყარზე იქმნება საზოგადოებრივი ცენტრი.

სოფელ დიღომში და მის გარშემო რამდენიმე ეკლესიაა. სოფელში შესასვლელი გზის მარჯვენა მხარეს დგას დიღმის წმ. გიორგის ეკლესია. იგი მე–10, მე–11 საუკუნეების ზღვარზეა აგებული, თუმცა გარე სახე გადაკეთებული უნდა იყოს მე–16, მე–17 საუკუნეებში. მცირე ზომის შენობა ორქანობანი სახურავით არის დახურული. კედლები თლილი ქვითაა მოპირკეთებული. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს გზისკენ მიმართული სამხრეთის ფასადი, სადაც კედლის წყობაში დატანილია ორნამენტით და წარწერებით დაფარული ფილები.

დიღომში და მის ირგვლივ ასევე წმინდა გიორგის სახელზე აგებული სხვა ეკლესიებიცაა. ეკლესია „თეთრი გიორგი“ სოფლის სამხრეთ–აღმოსავლეთით აღმართულ მთას აგვირგვინებს. იგი მე–19 საუკუნეშია აშენებული. დიღმის მისადგომებთან, მცირე ხევის ნაპირზე დგას ონადირის წმ. გიორგის ძლიერ დაზიანებული მცირე ეკლესია. იგი მე–10 საუკუნით თარიღდება. ასევე მე–10 საუკუნეშია აგებული ღვთისმშობლის ეკლესია, სოფლის ჩრდილო–დასავლეთ განაპირას განლაგებულ სასაფლაოზე. თვით სოფელში მდგომი კვირაცხოვლის ეკლესია მე–19 საუკუნის ბოლოს აშენდა და რაიმე მხატვრულ ღირებულებას არ წარმოადგენს.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9