ვა ვე ვი ვო
ვაკ ვან ვარ ვაშ

ვაკე

თბილისის ამ ვრცელმა უბანმა სახელწოდება ადგილმდებარეობის ხასიათის გამო მიიღო. „ვაკე, ქვეყანა ბრტყელი“ (საბა). იგი იფარგლება სამხრეთ–აღმოსავლეთიდან ვარაზის ხევით, ჩრდილოეთიდან მდინარე ვერეთი, სამხრეთიდან და სამხრეთ–დასავლეთიდან მაღლობებით. მე–20 საუკუნის დასაწყისისათვის წყნეთის (აწინდელი მელიქიშვილის) ქუჩის განაშენიანებამ მიაღწია ვარაზისხევს, რომელზედაც მცირე ხიდი იყო გადებული. თბილისის 1906 წლის გეგმაზე ხევის გადაღმა მხოლოდ სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაა აღნიშნული (ახლა – უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი). საუკუნის დასაწყისში გიმნაზიიდან დიდ მანძილზე შენდება სასულიერო სემინარია (გვიან აქ დიდი ხნის მანძილზე სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი იყო განთავსებული, ახლა საავადმყოფოა), ხოლო ნაკვეთი, რომელიც ამჯერად ფიზკულტურის ინსტიტუტს უკავია, კადეტთა კორპუსისთვის გამოიყო. ვაკის უბანი თბილისს 1907 წელს შემოუერთეს.

ვაკის ინტენსიური გაშენება საბჭოთა ხელისუფლების წლებში დაიწყო; დიდი ხნის განმავლობაში ეს ვრცელი უბანი თბილისის ცენტრს მხოლოდ მელიქიშვილის ქუჩით უკავშირდებოდა. დღეს იგი გმირთა მოედანზე ფართო ქუჩით გადის, რომელიც ხევის შევსების ხარჯზე წარმოიშვა. ვაკე ამჟამად თბილისის ერთ–ერთი დიდი საცხოვრებელი რაიონთაგანია. მაგრამ საცხოვრებლის გარდა აქ თავმოყრილია უმაღლესი სასწავლებლები, სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები.

თბილისის გამწვანების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იყო გამარჯვების პარკის მშენებლობა 1946 წელს (არქიტექტორი კ. დგებუაძე, დენდროლოგი ნ. ციციშვილი).

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9