ვა ვე ვი ვო
ვორ

ვორონცოვის ხიდი

მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნის 30-იან წლებში თბილისი საგრძნობლად გაიზარდა და ახალი ტერიტორიების ათვისება ჩქარი ტემპებით მიმდინარეობდა, ქალაქში მხოლოდ ერთადერთი მეტეხის ხიდი არსებობდა, რაც საგრძნობლად ართულებდა მტკვრის მოპირდაპირე ნაპირების კავშირს. კუკია, ჩუღურეთი, გერმანელთა დასახლება (დღევანდელი პლეხანოვის პროსპექტის მიდამოებში) მოწყვეტილი იყვნენ ქალაქის ცენტრალური უბნებისგან და მათ შორის კავშირი დიდი ხნის მანძილზე გარშემოსასვლელი გზებით ხორციელდებოდა. ორმოციან წლებში დღევანდელი კ. მარქსის ხიდის ხაზზე მესანგრეები აშენებდნენ დროებით ხის ხიდს, რომელსაც რეგულარულად იტაცებდა მტკვარი.

30-იანი წლების დასასრულს დამუშავდა კაპიტალური ხიდის პროექტი. პროექტი არ განხორციელებულა, ვინაიდან მეფის მთავრობამ უარი თქვა ხიდის მშენებლობის ფინანსირებაზე. ორმოციან წლებში კავკასიაში მეფისნაცვლის მ. ვორონცოვის დავალებით ხიდის პროექტი შეადგინა არქიტექტორმა ჯ. სკუდიერმა. ნაგებობა ორი დიდი და მცირე ხიდებისაგან შედგებოდა, მტკვრის ძირითად კალაპოტსა და მის მარჯვენა ტოტზე. 1848 წელს დაწყებული მშენებლობა სხვადასხვა მიზეზით ხშირად წყდებოდა (იცვლებოდნენ მოიჯარადეები, 1849 წელს ადიდებულმა წყალმა წაიღო ხის ხიდი, 1851 წელს ტაძრის მშენებლობისას დაიღუპა ხიდის ავტორი და სამუშაოთა ხელმძღვანელი არქიტექტორი სკუდიერი). 1851 წელს დიდი ხიდის პროექტი გადაამუშავა ინჟინერმა ს. ბლიკსმა, რომელმაც ხის მალები აგურის კამარებით შეცვალა. მშენებლობას სათავეში ჩაუდგა პირველი ინჟინერ-ჰიდრავლიკოსი ქართველთა შორის კ. ბაგრატიონი (Багратион-Мухранский). მიხეილის (დღევანდელი კ, მარქსის სახელობის) დიდი ხიდის საზეიმო გახსნა 1853 წლის აპრილს მოხდა.

მიხეილის ხიდს თბილისელებმა არაოფიციალურად ვორონცოვის სახელი შეარქვეს, ვინაიდან გენერალი მ. ვორონცოვი ქმედით მონაწილეობას ღებულობდა მის მშენებლობაში. ამ სახელის დამკვიდრებას იმ გარემოებებმაც შეუწყო ხელი, რომ დღევანდელი მარქსის მოედნის შუაგულში 1867 წლის 25 მარტს გაიხსნა მიხეილ ვორონცოვის ძეგლი. 2-მეტრიანი ფიგურა ბრინჯაოში იყო ჩამოსხმული, ხოლო კვარცხლბეკი ალგეთის ქვით მოაპირკეთეს (პროექტის ავტორები:პროფ. პიმენოვი და მხატვარი კრეიტანი). ხიდი იმდენად ვიწრო იყო, რომ უკვე 1884 წელს გადაკეთდა. ამ ხიდის კონსტრუქცია თავის დროისათვის გარკვეულ ტექნიკურ ინტერესს იწვევდა. 32-მეტრიანი თაღოვანი მალი თლილი ქვით არის ამოყვანილი დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობა გამაგრებულია ლითონის ღეროებით-პირონებით. ხიდი ახლაც მოქმედებს. მის ქვეშ სანაპირო ს ტრასა გადის.

დიდი ვორონცოვის ხიდი ძირფესვიანად შეიცვალა 1961 წელს (ინჟ. გ. ქარცივაძე, არქიტექტორები: გ. მელქაძე, შ. ყავლაშვილი), ახალი კ. მარქსის სახელობის ხიდის მშენებლობისას გამოიყენეს ძველი ბურჯები და შეინარჩუნეს ხუთმალიანი კონსტრუქცია და თაღების მოყვანილობა.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9