აბ აგ ავ ათ ალ ამ ან არ ას აშ ახ
ავა ავლ ავშ ავჭ

ავლაბარი

ამჟამად ავლაბარი თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, განლაგებული ვრცელი რაიონია. თავდაპირველად კი იგი ისნის (მეტეხის) ციხესიმაგრეს მიკედლებული (დაახლოებით 8 ჰექტარის ფართობის) უგალავნო ნაწილს წარმოადგენდა, დღევანდელი შაუმიანის ქუჩასა და მეტეხის კლდის გასწვრივ. ეს ის ტერიტორიაა, რომელიც მხოლოდ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, ერეკლე მეორის მეფობის ხანაში შემოიზღუდა გალავნით. დღეს ხშირად ისანს და ავლაბარს აიგივებენ ხოლმე, რაც სავსებით როდი შეესაბამება ამ ნაწილების ჩამოყალიბების ისტორიას. დღევანდელი ავლაბრის მხოლოდ ზემოთ მოყვანილი ნაწილი ატარებდა ჯერ ისნისა და შემდგომში ავლაბრის სახელწოდებას. ავლაბარი, გარეუბნის სახით ვრცელდებოდა აწინდელი შაუმიანის ქუჩის გადაღმაც (ქუჩის ხაზზე ძველად თხრილი გადიოდა). ავლაბრის ეს გარეუბანი ნაჩვენებია ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილ თბილისის 1735 წლის გეგმაზე. შემდგომში ამ ტერიტორიას „გარე ავლაბრის“ ან „ავლაბრის უბანს“ უწოდებდნენ. მას საკმაოდ ვრცელი ტერიტორია ეკავა. 1783 წლის აღწერით, იმ დროს შედაავლაბარში 219, ხოლო გარეთავლაბარში 136 კომლი სახლობდა, გარდა ამისა, მეტეხში 73 კომლი ყოფილა.

ვარაუდობენ, რომ სახელწოდება „ავლაბარი“ XIV საუკუნიდან უნდა იყოს გავრცელებული. პირველი წერილობითი საბუთი - შეწირულობის სიგელი, - სადაც „ავლაბარია“ მოხსენიებული 1392 წლით თარიღდება.

ბოლო დრომდე თვლიდნენ, რომ ავლაბარი „სასახლის მიდამოს“ ნიშნავს. „ჰავალი“ არაბულად მიდამოა, ხოლო „ბირ“ - სასახლე. ამგვარი ახსნა საკმაოდ სარწმუნოდ გამოიყურებოდა, რადგან ისნის (გვიან - მეტეხის) ციხესიმაგრეში მართლაც მდებარეობდა მეფის სასახლე. ასეთ განმარტებაში ერთი გაუგებრობა კია. ცნობილია, რომ XIII საუკუნიდან ძველი ისნის ციხეს მეტეხი ეწოდებოდა. ავლაბარი კი გალავნის გარეთ მდებარე უბნის დასახლება უნდა ყოფილიყო. ზემოთ მოყვანილი განმარტება კი ავლაბრის სახელწოდებას მეტეხზეც ავრცელებს, რადგან სწორედ აქ მდგარა სასახლე. „ავლაბრის“ ეტიმოლოგიის დამაჯერებელ ახსნას იძლევა თბილისის ისტორიის მკვლევარი თეიმურაზ ბერიძე, მისი განმარტებით, სიტყვა „ბარე“ ნიშნავს სანგარს, ზღუდეს, გალავანას. მაშასადამე, სახელწოდება „ავლაბარი“ გალავნის იქითა მიდამოს, გარეუბანს ნიშნავს. (იხ. თ. ბერიძე, ...და აღმოცენდა თბილისი, თბილისი, 1977, გვ: 115.) ეს განმარტება მით უფრო სარწმუნოა, რომ იგი ზუსტად ასახავს შუასაუკუნოვანი თბილისის მარცხენა ნაპირის ქალაქთმშენებლურ სტრუქტურას.

როგორც ჩანს, XVII საუკუნეში ავლაბარი საკმაოდ გაზრდილა და განსაკუთრებით კი ის ნაწილი, რომელიც ერეკლე მეორის მეფობისას ამოყვანილი გალავნის გარეთ აღმოჩნდა და გარეთავლაბრის სახელს ატარებდა. აქ ვახუშტი ბაგრატიონი ორ ეკლესიას მიუთითებს: „სომხის საყდარს“ და „ბერძნის საყდარს“. ეს უკანასკნელი შემდგომში წმინდა მარინეს სახელით არის მოხსენიებული და თბილისის 1800 წლის გეგმაზე მის გალავანს ქართული სასაფლაო აკრავს გარს. ვახუშტი ბატონიშვილს მახათის მთის ძირას, შუატბისა და ლილოს გზებს შორის აღნიშნული აქვს „მელიქის საყდარი“ და „ბებუთას ბაღი“. საყდარიც და ბაღიც XVII საუკუნეში ზარაბთუხუცესს ხოჯა ბეჰბუდას აუშენებია მეფე როსტომის დასტურით.

ავლაბარში სახლობდნენ მეფის, თავადაზნაურთა და საეკლესიო ყმა–გლეხები. ამ უბანში განვითარებული იყო ხელოსნობაც. ავლაბარში ქართველების გარდა სახლობდნენ სპარსელები, ბერძნები და სომხები.

XVIII საუკუნეში ლეკთა თარეშის გამო ავლაბარი დაცარიელდა. ეს იმითაც აიხსნება, რომ ლეკების რაზმები თბილისს უმეტესად ავლაბრის მხრიდან ესხმოდნენ თავს. ქალაქის მოსახლეობის შემცირება შავი ჭირის ეპიდემიებითაც იყო გამოწვეული, რომელიც განსაკუთრებით მძვინვარებდა 1770 და 1781 წლებში. ერეკლე მეორე და მისი გარდაცვალების შემდეგ გიორგი მეთორმეტე თბილისის ამ უბანში ასახლებდნენ ერევნიდან და ლორიდან გადმოხვეწილ სომხებს.

პლატონ იოსელიანის ცნობით, XV საუკუნეში ავლაბარში სასახლეები ჰქონიათ სამეგრელოს და გურიის მთავრებს. თბილისის 1785 წლის გეგმაზე ავლაბარში აღნიშნულია გიორგი ბატონიშვილის სახლი. დედოფალი დარეჯანი XVIII საუკუნის 70-იან წლებში ავლაბრის გალავნის ერთ-ერთ ბურჯთან აშენებს სასახლეს, რომლის ნაწილმა - „საჩინომ“ დღემდე მოაღწია. აქვე აშენდა სასახლის კარის ეკლესია „მოწამეთა ირაკლის და დარეჯანის“ სახელზე, რომელიც 1824 წელს მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრად აკურთხეს.

თბილისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არაერთხელ შემცირებულა და მას კვლავ გაუშლია მხრები. ხანგრძლივი შემოსევებისას მკვეთრად მცირდებოდა ქალაქის გარეუბნები. ამ ბედს იზიარებდა ავლაბარიც, მით უმეტეს, რომ იგი XVIII საუკუნემდე უგალავნოდ იყო. ერეკლე მეორემ ენერგიულ ზომებს მიმართა თბილისის საფორტიფიკაციო სისტემის განახლებისა და განმტკიცებისათვის. XVIII საუკუნის 70-იან წლებში გალავნით შემოიზღუდა შიდაავლაბარი. სწორედ ამ გალავნის ბურჯზეა დაყრდნობილი „საჩინო“. გარეთავლაბარი კი კვლავ ქალაქის გაუმაგრებელ გარეუბნად დარჩა.

პორუჩიკ ჩუიკოს მიერ შედგენილი 1800 წლის გეგმა ფაქტიურად გვიანფეოდალური ხანის თბილისის გაშენიანებას ასახავს. გეგმაზე ფერით გამოყოფილია ის უბნები და ნაგებობები, რომლებიც განადგურდა აღა-მაჰმად-ხანის 1795 წლის შემოსევისას. ეს კი შემოსევამდე არსებული დაგეგმარების დადგენის საშუალებას იძლევა. ჩუიკო თბილისს ყოფს თორმეტ ნაწილად. მტკვრის მარცხენა ნაპირზე ცალ-ცალკეა გამოყოფილი მეტეხი, ავლაბარი და ავლაბრის გარეუბანი. მათგან ავლაბარი (შიდაავლაბარი) და მეტეხი გალავნითაა დაცული. გალავანი 26 სხვადასხვა ზომის ნახევარწრიული კოშკებით იყო გამაგრებული. შიდაავლაბარში შესასვლელი კარიბჭე ჩრდილო-აღმოსავლეთი მხრიდან, გზების შესაყართან მდებარეობდა (დღევანდელი შაუმიანის მოედნის მიდამოებში).

შიდაავლაბრის დაგეგმარება მკვეთრად განსხვავდებოდა თბილისის სხვა ნაწილების ქუჩების ქსელისაგან. იგი ერთგვარად რეგულარულ ხასიათს ატარებდა. ძირითადი ქუჩები მეტეხის კლდის სწვრივის პარალელურად გადიოდა, ხოლო მთავარი ქუჩა მათ ოდნავ ირიბად ჰკვეთდა. ეს ქუჩა იწყებოდა იწყებოდა კარიბჭესთან და განივრად ჰკვეთდა უბანს (აწინდელი მეტეხის ქუჩა). მის ღერძზე, კლდის ნაპირას წმ. გიორგის მცირე ეკლესია იდგა. გარეთავლაბარი კი ქუჩების ქაოტურ ხლართს წარმოადგენდა. გარეთავლაბარი დაინგრა სპარსელების 1795 წლის შემოსევისას.

ზემოთმოხსენიებულ მთავარ ქუჩაზე განლაგებული იყო ავლაბრის ბაზრის (ძირითადად სანოვაგე) რიგები. ამ ბაზარს მიუთითებს ა. პიშჩევიჩი 1785 წლის გეგმაზე. ამავე და გვერდით ქუჩებში დიდი რაოდენობის სახელოსნოები იყო, სადაც შრომობდნენ მკალავები, მეჭურჭლეები, მეთუნეები, მეჯაგეები, მკუპრავები და ა.შ. აქ ქარვასლებიც იდგა.

მთავარმმართებლის კნორინგის მიერ შედგენილ საპოლიციო წესდებაში ქალაქის მეოთხე ნაწილად აღნიშნულ ავლაბარში 300 სახლია მოხსენიებული.

1821 და 1831 წლების გეგმების მიხედვით, ავლაბარი თანდათან იწყებს განახლებას. ამ დროისთვის ავლაბრის გალავანი მოშლილია. ამასთან, შიდაავლაბარში შემორჩენილია გვიანფეოდალური ხანის ქუჩების ქსელი (მან ძირითადში დღემდე მოაღწია). ამ დროს დამუშავდა ავლაბრის რეგულარული განაშენიანების პროექტიც, სწორხაზოვანი ქუჩების ბადის სახით. ეს პროექტი არ განხორციელებულა და ავლაბარი ქაოტურად შენდებოდა. გასული საუკუნის 30-იან წლებში ავლაბარი უკვე მჭიდროდ არის დასახლებული.

1859 წლის თბილისის გეგმაზე ავლაბარს (ამჯერად იგი ქალაქის მესამე ნაწილად არის წარმოდგენილი) სამხრეთით მტკვარი საზღვრავდა, აღმოსავლეთიდან - მახათას მთის კალთები, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან წმ. ბარბალეს მინმდორი, ჩრდილოეთიდან - ჩუღურეთი. გასული საუკუნის 80-იანი წლებისათვის ავლაბრის განაშენიანება შავ სოფელს (მირზა-აბათს) აღწევს.

ავლაბრის ცენტრს ტრაპეციის ფორმის კახეთის მოედანი წარმოადგენს, რომელიც წარმოიშვა შიდაავლაბრის ყოფილი გალავნის კარიბჭესთან. ამ ქუჩების რადიალური ქსელი აღარ განვითარდა.

გეგმარების ხასიათი, რომელიც გასული საუკუნის მეორე ნახევარში ჩაისახა, ზოგიერთი გამონაკლისით, დღემდეა მოღწეული. ჩვენამდე მოაღწია იმ დროის განაშენიანების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც. აქა–იქ შემონახულია ძველ–თბილისური საცხოვრებელი სახლების საინტერესო მაგალითები. განსაკუთრებით აღსანიშნავია „დარბაზის“ ტიპის სახლის ერთადერთი შემორჩენილი ნაშთი, ბანიანი სახლები ჩეხოვის ქუჩაზე და გასული საუკუნის თბილისისათვის დამახასიათებელი სახლები აჟურული ხის აივნებით არმაზის, რუისის, ფიგნერის ქუჩებზე და მეტეხის კლდის სწვრივის განაშენიანება.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9