თა თბ თე თო
თაბ თავ თათ

თაბორის ციხე

თბილისის ციხესიმაგრეები ერთიანდებოდნენ ზედმიწევნით მოფიქრებულ სისტემაში, რომელიც იყენებდა მთაგორიანი რელიეფის თავისებურებებს. ამ სისტემაში მეტად მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა თაბორის მთაზე განლაგებულ ციხეს (მთა თრიალეთის ქედის განშტოებაა თბილისის სამხრეთით). ციხე ფორტიფიკაციული სისტემის ფორფოსტი იყო აღმოსავლეთის მხრიდან, საიდანაც ტრადიციულად ესხმოდნენ ქალაქს მტრები. იგი „დაკიდული“ იყო განჯის გზის თავზე უშუალოდ კალას სიახლოვეს. თაბორის ციხე თავისი არსებობის გრძელ მანძილზე არაერთხელ დანგრეულა და კვლავ აღდგენილა. მის არსებობას უძველესი დროიდან „ქართლის ცხოვრება“ მოწმობს. ბაგრატ IV ქალაქში შემოსვლის ამბის აღწერისას ჟამთა აღმწერელი, სხვათა შორის, მოგვითხრობს: „დაჯდა მეფე ბაგრატ საურავად. აღიხუნა კოშკნი კართანი თავის კაცთა, და აღიღო ციხე ქალაქისა დარიჯელი, და ორნივე კოშკნი წყალყინისანი და თაბორი, და დაადგინა შიგან ლაშქარნი თავისნი და ერისთავნი“. უკანასკნელად თაბორის ციხე დაანგრია აღა-მაჰმად-ხანმა და მას შემდეგ იგი აღარ განუახლებიათ. პორუჩიკ ჩუიკოს შეუსწრია მისი ნანგრევებისათვის და დაუტანია თბილისი 1800 წლის გეგმაზე: «Разаренное укрепление Корча-Кала». „ყორჩი-ყალა“ დატანილია თბილისის 1802 და 1809 წლების გეგმებზე. გვიანდელ გეგმებზე იგი აღარ ჩანს.

ციხეში ეკლესიაც მდგარა, რომელსაც პლატონ იოსელიანის მოწმობით „ღვთის ფერისცვალების“ სახელით იხსენიებდნენ (церковь Преображения господня). ამასთან დაკავშირებით საინტერესოა თვით თაბორის მთის სახელწოდების წარმოშობა. ისევე როგორც „მთაწმინდა“ იგი დაკავშირებულია ქრისტიანულ „წმინდა“ ადგილებთან. იერუსალიმში, თაბორის მთაზე მომხდარა ქრისტეს ფერისცვალება. აქედან მოდის თბილისის მთის და ციხეში აგებული ეკლესიის სახელები.

დღეს ეკლესიის კვალი წაშლილია. იგი ისევე როგორც ციხის ნაშთები უკვე აღარ ჩანს პლატონ იოსელიანის დროინდელ აღწერის ხანაში (1866 წ.). 1972 წელს არქეოლოგიური ძიებისას მიაკვლიეს ციხის კვალს.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9