ის
ისა

ისანი

სახელწოდება „ისანი“ არაბული წარმოშობისაა და გამაგრებულ ადგილს, ციხეს ნიშნავს.

დღეს შეუძლებელია ისნის ციხის გეგმარების და საერთო სახის ზუსტი აღდგენა. ფორტიფიკაციული კომპლექსი, როგორც ჩანს, ორ დონეზე განლაგებული ნაწილისაგან შედგებოდა. პირველი, მთავარი ნაწილი კლდის პლატოზე იყო აშენებული, მეორე - კი დასავლეთიდან ეკვროდა, დამრეც რელიეფს ჩამოყვებოდა და ხიდთან მთავრდებოდა. კლდის ძირას ძველი ხიდის ყელის ადგილზე შემორჩენილია კვადრატული კოშკის ნარჩენები (ისინი იხსნებიან ხოლმე მტკვრის დონის დაწევისას). ასეთი კომპოზიციაა ნაჩვენები ვახუშტი ბატონიშვილის 1735 წლის გეგმაზე. ისნის კარიბჭე აღმოსავლეთის მხრიდან გამოწეულ ნაწილში იყო გაჭრილი. მასთან იყრიდნენ თავს ავჭალისა კახეთის გზები. მას შემდეგ, რაც მე-18 საუკუნეში შიდა ავლაბარი გალავნით შემოზღუდეს, ეს კარი ფორტიფიკაციული სისტემის შიგნით აღმოჩნდა.

ისანი მეტად მიუდგომელი ციხესიმაგრე ყოფილა. 1045 წელს თბილისელთა მოწვევით ქალაქში მეფე ბაგრატ IV შემოვიდა, რომელსაც მიართვეს თბილისის გასაღებები. მან ხელთ იგდო მთელი თბილისი, ისნის გარდა. „ხოლო ისნელთა ჩააგდეს ხიდი და არა მოსცეს ისნი“ („ქართლის ცხოვრება“). ბაგრატი მთელი ზაფხულის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა ისნის დამორჩილებას, მიუხედავად იმისა, რომ „..დაუდგეს ფალავანნი და ბრძოდეს ისნთა“.

ისანის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა მე-12, მე-13 საუკუნეებში, როდესაც აქ მდებარეობდა გაერთიანებული საქართველოს მეფეთა სასახლე. ამ სასახლეში გაიგო თამარმა მამის, მეფე გიორგის გარდაცვალების ამბავი, სასახლისეულ ეკლესიაში ლოცულობს იგი მტერზე გამარჯვებისთვის 1195 წელს. 1278-1289 წლებში მეფე დიმიტრი თავდადებულს, ყაენის კარზე გამგზავრებამდე, ისანში ღვთისმშობლის სახელზე აუგია ტაძარი. დაახლოებით ამ დროიდან ისანში ჩნდება ახალი სახელი - მეტეხი. როგორც ჩანს, სახელწოდება „ისანიც“ საბოლოოდ არ გამქრალა. ამას მოწმობს თუნდაც ის, რომ ვახუშტი ბაგრატიონი მეტეხის მიდამოებს, კვლავ ისანს უწოდებს: „ისანს არს კიდესა მტკრუისასა, კლდესა ზედა, ციხესა შინა ეკლესია მეტეხი, ღვთისმშობლისა“...

დღეს ხშირად ისანის სახელწოდებას ავლაბრის დიდ ფარათობზე ავრცელებენ, რაც ისტორიულ სინამდვილეს არ შეეფერება. ისანი განსაზღვრული იყო დღევანდელი ღვინის აღმართით, შაუმიანის ქუჩის დასაწყისითა და მეკუზნის შესახვევით.

აწინდელი მეტეხის ქუჩის სწვრივად სანოვაგის ბაზარი ყოფილა. 1800 წლის გეგმაზე იგი №88-ით არის აღნიშნული. ისანშივეა ქარვასლები, თოფის წამლის ქარხანაც. 1800 წლის გეგმის მიხედვით, ისანის ქუჩების ქსელი კალასთან შედარებით „რეგულარულ“ ხასიათს ატარებდა. შუასაუკუნოებრივმა ქსელმა ძირითადში დღემდე მოაღწია.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9