კა კვ კი კლ კო კრ კუ
კალ

კალა

ასე ეწოდებოდა თბილისის გალავნით შემოსაზღვრულ უძველეს ნაწილს, წავკისწყლის მარცხენა ნაპირზე, ნარიყალას ქვევით. მატიანე აღნიშნავს, რომ პიტიახში მოვიდაო „ტფილისად და კალა - ციხედ“. შემდგომში ეს სახელწოდება გავრცელდა თბილისის გალავნით შემოზღუდულ ძირითად ნაწილზე. სამხრეთ-აღმოსავლეთით გალავანი მიყვებოდა წავკისწყალს (მდინარის იმ ნაწილს, რომელიც დღეს მილებში მიედინება) და მთიან რელიეფზე განლაგებული რთული ფორტიფიკაციული სისტემის მეშვეობით ნარიყალას ბასტიონებს უერთდებოდა. ნარიყალადან კედელი ტეხილი ხაზით მიყვებოდა აღმოსავლეთისაკენ სალალაკის ქედს. შაჰ-ტახტთან (ამ ბასტიონის ნარჩენები დღესაც დგას კომკავშირის ხეივანზე) გალავანი მკვეთრად უხვევდა ჩრდილოეთისკენ და საფეხურებად ეშვებოდა მთის ფერდობებზე, გასდევდა დღევანდელი დადიანისა და პუშკინის ქუჩების ხაზს. შემდგომ გალავანი კვლავ მკვეთრად იცვლიდა მიმართულებას და მტკვრისაკენ ეშვებოდა. გალავნის ამ ნაწილის ფრაგმენტები გამოჩნდა ბარათაშვილის ქუჩის გაფართოებისას. სწორედ აქ, ქალაქის ჩრდილოეთი და დასავლეთი კედლების გადაკვეთაზე იყო მოწყობილი ქალაქის ერთ-ერთი დიღმის კარიბჭე (სადაც ახლა ვერცხლის ქუჩა იწყება). ვახუშტი ბაგრატიონს თბილისის 1735 წლის გეგმაზე ერთმანეთის სიახლოვეს ორი კარიბჭე აქვს ნაჩვენები: „მეიდნის კარი ხიდით“ და „ქვემო კარი ხიდით“. თბილისის შემდგომ გეგმებზე კი მხოლოდ პირველ მათგანს უჩვენებენ „მუხრანის კარის“ სახელწოდებით. როგორც ჩანს, „ქვემო კარი“ ამოაშენეს გასულ საუკუნეში ფორტიფიკაციული ნაგებობების შეკეთებისას. ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კარი - კოჯრისა („კოჟრის კარი“) მდებარეობდა დასავლეთ კედელში, იქ, სადაც დღეს ლესელიძის ქუჩა ერწყმის ლენინის მოედანს. ქალაქის გალავნის კიდევ ორი კარიბჭე იყო საწინააღმდეგო მხარეზე: აბანოების კარი, რომელიც აბანოების უბნიდან უშუალოდ კალაში მიდიოდა და განჯის კარი, რომელიც სამხრეთით, ნარიყალას ძირში იყო განლაგებული. ამგვარად, კალაში შემოსვლა შეიძლებოდა სამხრეთიდან განჯის, აღმოსავლეთიდან აბანოების, დასავლეთიდან კოჯრის, ჩრდილო-დასავლეთიდან დიღმის და ბოლოს, ჩრდილოეთიდან მუხრანის კარიბჭეებით.

პირველ გრაფიკულ საბუთს, რომელიც ზუსტად გადმოგვცემს ფეოდალური თბილისის ქალაქთმშენებლურ სტრუქტურას, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი გეგმა წარმოადგენს. მართალია, ვახუშტი ბაგრატიონი არ იძლევა ქუჩების ზუსტ ქსელს, მაგრამ იგი მაინც გამოყოფს ზოგიერთ ქუჩებს, რომელთაც, როგორც ჩანს, პირველხარისხოვანი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდათ. კალაში ორი მოედანი გამოიყოფა: ციხის (თათრის) და ბატონის (მეფის). ბატონის მოედნის მნიშვნელობა გაიზარდა მას შემდეგ , როდესაც მეფე როსტომმა ახალი სასახლე ააშენა ამ მოედნის ერთ მხარეზე (იხ. „ბატონის მოედანი“).

გვიანფეოდალური ხანის კალას ქუჩების ქსელის ხასიათზე მკაფიო წარმოდგენას იძლევა მე-18 საუკუნის ბოლოს და განსაკუთრებით 1800 წელს შედგენილი თბილისის გეგმები, სადაც მკვეთრად არის გამოსახული ქალაქის მაგისტრალები. ერთ-ერთი მათგანი იწყებოდა დიღმის კართან, მიყვებოდა დღევანდელ ვერცხლის ქუჩას და შემდეგ სიონის ქუჩით გადიოდა თათრის (დღევანდელი გორგასლის) მოედნისაკენ.

მეორე ასეთ მაგისტრალს წარმოადგენდა გზას, რომელიც კოჯრის კართან იწყებოდა. საუბარია აწინდელი ლესელიძის ქუჩის მონაკვეთზე ლენინის მოედნიდან ვერცხლის ქუჩასთან გადაკვეთამდე. სწორედ ეს გზა ყოფდა კალას ორ, „ზემო და ქვემო“,უბნად. ამიტომაც ერქვა მას „შუაბაზარი“. „ზემო და ქვემო“ უბანი შერქმეული იყო და არა რელიეფის თავისებურებების გამო, არამედ უბნების ურთიერთგანლაგებით მტკვრის დინების მიმართულებით. ზემო უბანში იყო განლაგებული ქალაქის უმთავრესი ნაგებობები: სასახლეთა კომპლექსი, ქარვასლები (მეფის, თბილელის, მელიქის), ქართული ეკლესიები (სიონი, ნათლისმცემელი, ანჩისხატი, კვირაცხოველი, ქრისტეშობის და სხვა), კათალიკოსის და ეპისკოპოსის ადგილსამყოფელები, თავადების (ამილახვარის, მუხრან ბატონის, ქსნის ერისთავის, ორბელიანების, ციცშვილის, ზედგენიძის, აბაშიძის და სხვ.) სახლები. ამ უბნის ძირითად მოსახლეობას ქართველები შეადგენდნენ. მხოლოდ მე-18 საუკუნის დამდეგს აშენდა ზემო უბანში ერთადერთი სომხური ეკლესია - სურფნიშანი. ქვემო უბანში ქართველების გარდა დიდი რაოდენობით სახლობდნენ სომხები და მუსლიმანები. ამ უბანში ქართული და სომხური ეკლესიების, მეჩეთების გარდა, კათოლიკური ეკლესიაც (ე.წ. „ფრანგთა საყდარი“) იდგა. ქუჩას, რომელზედაც კათოლიკური ეკლესია იდგა „ფრანგთა ქუჩას“ ეძახდნენ (აწინდელი პირველი მაისის ქუჩა).

ზემო და ქვემო უბნები თბილისის ძირითადი რაიონები იყო. ისინი თავისთავად მრავალ მცირე უბნებად იყოფოდნენ. ამა თუ იმ უბნის დასახელება ასახავდა მოსახლეობის უმრავლესობის ეროვნულ შემადგენლობას („ქართველთა უბანი“, „მოგვთა უბანი“, „ურიათა უბანი“), ხელოსანთა საქმიანობას („მჭედლის უბანი“, „სამღებროს უბანი“, „სარიმაჯის უბანი“), ამ ტერიტორიაზე ნაგებობებს („ანჩისხატის უბანი“, „ნორაშენის უბანი“, „სიონის უბანი“, „ციხის კარის უბანი“) ან უბანში მცხოვრებთა ვინაობას („ცოცხალაანთ უბანი“, „ფირყულაანთ უბანი“, „ყორღანაანთ უბანი“, „ორბელიანის უბანი“.

აღა-მაჰმად-ხანის ურდოებმა კალას დიდი ნაწილი დაანგრიეს და გადაბუგეს. თუ არ ჩავთვლით საკულტო ნაგებობებს, კალას დღევანდელი განაშენიანება (საცხოვრებელი სახლები) მთლიანად მე-19 საუკუნეშია ჩამოყალიბებული, თუმცა სარდაფები ბევრ შემთხვევაში ადრინდელია, ვინაიდან დანგრეულის აღდგენას ძველი საძირკვლების გამოყენებით აწარმოებდნენ.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9