კა კვ კი კლ კო კრ კუ
კრწ

კრწანისი

თბილისის სამხრეთ შემოგარენში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე სოფელი კრწანისი დღეს უკვე ქალაქის გარეუბნად იქცა. მისი განაშენიანების პროექტი შედგენილ იქნა არქიტექტორების მიერ.

კრწანისი თბილისის გარშემო მდებარე სოფელთაგან ერთ-ერთი უძველესია. ჩვენამდე მოღწეულ საბუთებში იგი პირველად მე-14 საუკუნის მიწურულს იხსენიება. კრწანისი ქართველ მეფეებს სვეტიცხოვლისათვის შეუწირიათ და და ამგვარად იგი საკათალიკოსო მამული ყოფილა. (იხ. თ. ბერიძე და აღმოცენდა თბილისი, 1977, გვ. 182.)

ამჟამად კრწანისის საზღვრები საგრძნობლად შემცირებულია შუა საუკუნეებთან შედარებით. სოფლის ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი ერთ დროს თაბორამდე აღწევდა და თითქმის აბანოების უბანს ებჯინებოდა. გვიან შუასაუკუნეებში კრწანისის ნაწილი თბილისის გარეთუბანმა - სეიდაბადმა (დღევანდელი ხარფუხის ტერიტორია) დაიკავა, თუმცა კრწანისი მაინც დიდ ფართობს ფლობდა. ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ თბილისის 1735 წლის გეგმაზე ორთაჭალა კრწანისს არის მიკუთვნილი. ავტორი ორთაჭალის კუნძულს, „კრწანისის ბაღებს“ უწოდებს. კრწანისი ოდითგანვე ხილით და ბოსტნეულით ამარაგებდა თბილისს.

დღეს ქალაქის განაშენიანება უშუალოდ მიუახლოვდა შუა საუკუნეებთან შედარებით ძლიერ შემცირებულ კრწანისს. კრწანისის საცხოვრებელი რაიონი დაპროექტებულია ორი მთის ფერდობებს შორის. ტერიტორია თანდათან ჩამოდის მტკვრისაკენ (10 პროცენტიანი ქანაობით). მასზე მკვეთრად არის გამოსახული ორი ტერასა. დაგეგმარება ასახავს რელიეფის თავისებურებას.განაშენიანება ორ ნაწილად იყოფა: ზედა და ქვედა კომპლექსად. გამოიყენება სახლების ორი ტიპი: კოშკურა 20-სართულიანი და გალერეიანი 12-სართულიანი სახლები. სახლები დაჯგუფებულია საპარკო ქუჩისკენ გახსნილი ეზოების გარშემო. ქვედა ტერასაზე განლაგებული სახლები დაიყოფიან ცალკეულ ჯგუფებად მათი რელიეფზე განლაგების მიხედვით. პირველადი მომსახურების დაწესებულებები განთავსებულია შენობების პირველ სართულებში, მეორადი კი (პერიოდული) - მთავარი ქუჩის ორივე მხარეზე, მესამე საფეხური (ეპიზოდური) - კომპლექსის ცენტრში.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9