კა კვ კი კლ კო კრ კუ
კუკ

კუკია

დღევანდელი პლეხანოვის პროსპექტის დასაწყისში, მარქსის მოედნის მიდამოებში ვახუშტი ბატონიშვილს თბილისის 1735 წლის გეგმაზე ნაჩვენები აქვს მცირე დასახლება „ახალი სოფლის“ სახელწოდებით. იგივე სოფელი ნაჩვენებია შედარებით გვიანდელ გეგმებზეც. რუსეთის აკადემიის აკადემიკოსი გიულდენშტედტი მას უკვე კუკიის სახელით იხსენიებს (1772 წელი). მისივე მოწმობით ადრე აქ ციხესიმაგრეც ყოფილა. იგი მის ნანგრევებს აღნიშნავს. სოფელი კუკია გალავანშემორტყმული ეკლესიითა და ვრცელი კერძო ბაღით ნაჩვენებია თბილისის 1800 წლის გეგმაზეც. თეიმურაზ ბერიძის ვარაუდით „კუკია“ თრიალეთის სოფელ კუკიას სახელიდან უნდა მოდიოდეს, საიდანაც მოსახლეობა თბილისის გარეუბანში გადმოსახლდა მე-18 საუკუნის 40-იან წლებში. მისივე განმარტებით, „კუკიას“ ეტიმოლოგიური ახსნა უნდა ვეძიოთ ადამიანის გამომსახველ თოჯინის სახელწოდებასთან („კუკი“). თოჯინას იყენებდნენ მიწათმოქმედებასთან დაკავშირებულ რიტუალებში. (იხ. თ. ბერიძე... და აღმოცენდა თბილისი, 1977, გვ. 181.) სოფელ კუკიას საზღვრებს შეადგენდა მტკვარი, ხევი, რომელიც დღევანდელი მარჯანიშვილის ქუჩის ხაზზე გადიოდა და ასეთივე ხევი, რომელიც დღევანდელი მარჯანიშვილის ქუჩის ხაზზე გადიოდა და ასეთივე ხევი „კვირაცხოველი“ მოპირდაპირე მხარეზე. 1823 წლისათვის კუკიაში 1000-მდე მცხოვრები იყო. ამ სოფელში ძირითადად სოფლის მეურნეობითა და ხელოსნობით იყვნენ დასაქმებულნი.

1824 წელს სოფელი კუკია თბილისს მიაწერეს. კუკიის ფარგლები განსაკუთრებით გაფართოვდა გასული საუკუნის 40-იან წლებში და ავჭალის გზა გადალახა. ამ დროს ისახება ე. წ. „ახალი კუკია“, ტერიტორია,რომელსაც დღემდე შემორჩა ეს სახელი.

1818 წელს კუკიის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ვიუტენბერგიდან გადმოსული გერმანელი კოლონისტები სახლდებიან. მიდამო ბაღებითა და ბოსტნებით დაიფარა. გასული საუკუნის 30-იან წლებში აქ არსებული ვიწრო გზა თანდათან ქუჩის სახეს იღებს. 1853 წელს ამ მიდამოებზე ვრცელდება ქალაქური გაშენების წესები, ხოლო 1862 წელს იგი ჩართულ იქნა ქალაქის ფარგლებში. მშენებლობის ტემპები განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ვერის ხიდი გაშენდა (დღევანდელი ელბაქიძის ხიდის ადგილზე). გასული საუკუნის მეორე ნახევარში კუკიაზე, ნიკოლოზის (დღევანდელი კალინინის) ქუჩაზე მართლმადიდებელთა და კათოლიკური ეკლესიები აშენდა (მათ დღემდე მოაღწიეს).

დროთა განმავლობაში დღევანდელი პლეხანოვის პროსპექტს მიკედლებულ უბნებს ჩამოცილდა „კუკიას“ სახელი და იგი შემორჩა ყოფილ „ახალ კუკიას“ საბჭოს ქუჩის ზემოთ.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9