მა მე მთ მი მნ მო მუ მშ
მად მალ მამ მაღ მახ

მამადავითი

„მთაო წმინდავ მამა–დავითისაო,
შენ დარაჯო ქალაქ ტფილისისაო,
წმინდა მიწავ, უკვდავ მწერლებისაო,
მათ საფლავზედ სალოცავად მოვედი“.

იეთიმ გურჯი

ასე უწოდებდნენ თბილისელები მთაწმინდის კალთაზე მდებარე ეკლესიას და მის მიდამოებს. მე–6 საუკუნეში ეს ადგილი სამყოფლად აირჩია დავითმა – ერთ–ერთმა ცამეტ ასურელ მამათაგან, რომლებმაც საქართველოში ქრისტიანობის შემდგომი გავრცელების მისია იკისრეს. დავითმა აქ სამლოცველო და საკანი ააგო. ეს ბერი წმინდანად აღიარებული ის დავითია, რომელიც მალე თბილისიდან გადაიხვეწა გარეჯის უდაბნოში და იქ კლდეში გამოკვეთილი მონასტერი დააარსა. პლატონ იოსელიანის ცნობით, იმ ადგილას, სადაც დავითის სამლოცველო იდგა, მე–9 საუკუნეში ღვთისმშობლის ეკლესია ააგეს. 1542 წელს ამ ადგილზე ბერად შემდგარმა ძმებმა დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებმა „წმინდა დავითის“ სახელზე ახალი ეკლესია ააგეს. მე–16 საუკუნის ბოლოს იგი ხელახლა ააშენეს ათონის წმინდა მთის სახელით, ათონიდან მოსულმა ბერებმა. ეს ეკლესია შემდგომში დიდხანს იდგა დანგრეული და 1810 წელს ანტონ მეორემ აქ ახალი ააგო. ეკლესია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, გასული საუკუნის 70–იან წლებშია აშენებული. იგი, თუმცა არქიტექტურულ–მხატვრული თვალსაზრისით რაიმე განსაკუთრებულ ინტერესს არ წარმოადგენს, მაგრამ მოხდენილადაა „ჩაწერილი“ გარემოში და აქცენტს ქმნის მთის კალთის ფონზე. ეკლესიისაკენ მივყავართ სერპანტინულ გზას, რომელიც გენერალ ერმოლოვის ბრძანებით მოაწყვეს 1817 წელს ადრე არსებული ბილიკის ადგილზე.

ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულია „ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი“. პანთეონი ორ დონეზეა მოწყობილი. ქვედა ბაქანზე ქვის თაღის უკან მოქცეულ მღვიმეში ალექსანდრე გრიბოედოვის და ნინო ჭავჭავაძის საფლავებია. ზედა ვრცელ ბაქანზე, ეკლესიის ორთავ მხარეზე განლაგებულია საქართველოს გამოჩენილი მწერლების და საზოგადო მოღვაწეების საფლავები. ეს ადგილი ჯერ კიდევ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე ღვაწლმოსილ ადამიანთა სასაფლაოს წარმოადგენდა. იგი პანთეონად ოფიციალურად 1929 წელს გამოაცხადეს.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9