მახათას მთა თბილისს ჩრდილო–აღმოსავლეთიდან საზღვრავს. ვახუშტი ბატონიშვილს თბილისის 1735 წლის გეგმაზე მახათა №73-ით აქვს აღნიშნული. ამ გეგმაზე მახათას ფერდობთან დატანილია „შუატბის გზა“, ხოლო მახათას მთის ძირში მითითებული აქვს „მელიქის საყდარი“ (№59) და „ბებუთას ბაღი“. ბებუთას ბაღს ჩაუდიოდა შარაგზა, რომელიც ვახუშტი ბაგრატიონს აღნიშნული აქვს „ლილოს გზის“ სახელწოდებით (ეს ბაღი გაუშენებია მეფის მიერ ნაწყალობევ ვაკე ადგილზე მახათას ძირში ხოჯა ბეჰბუდას – თბილისის ზარაბს მე–17 საუკუნის 50–იან წლებში). საყდარიც ძველ სასაფლაოზე მისივე აშენებული ყოფილა. სასაფლაომ და საყდარმა ბოლო დრომდე მოაღწია ხოჯავანაქის სახელწოდებით. ეკლესია ამ უბნის რეკონსტრუქციის დროს აიღეს. პლატონ იოსელიანის მოწმობით, ძველად მახათაზე წმინდა ელიას სახელზე აუგიათ ეკლესია. მას აქ უნახავს ეკლესიის ნარჩენები აგურით ამოყვანილი შენობის ქვედა ნაწილი „ერთი არშინის სიმაღლისა“ (Пл. Иоселиани, описание древностей Тифлиса, Тифлис, 1866, ст. 229.). სწორედ ამ ეკლესიიდან უნდა მოდიოდეს ამ უბნის ძველი დასახელება – ელიას უბანი, რომელიც ავლაბრის ჩრდილო–აღმოსავლეთითაა განლაგებული.
„მახათას“ გაშიფვრას პირველად ისტორიკოსი თეიმურაზ ბაგრატიონი იძლევა. „მახათა. მეხთა ადგილი“. „...ქუხილის ჟამს მეხი იცის“.
Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.