მა მე მთ მი მნ მო მუ მშ
მეი მელ მეტ მეფ მექ

მეიდანი

შუა საუკუნეების თბილისში რამდენიმე მოედანი იყო. ორი მათგანი ქალაქის გალავნის შიგნით კალას ტერიტორიაზე მდებარეობდა. ერთი თბილისის სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა მეტეხის ხიდის სიახლოვეს (აწინდელი გორგასალის მოედანი), მეორე მოედანი – გარეთუბანში, სადაც ასპარეზი იყო მოწყობილი (კომუნარების ბაღის ქვედა ტერასა). ვახუშტი ბატონიშვილი მათ სათანადოდ ასე აღნიშნავდა: №15 – „ციხის მეიდანი“, №4 – „მეფის მოედანი“ და №28 – „მეიდანი ან ასპარეზი“. მაშასადამე, „მეიდანს“ ვახუშტი ბაგრატიონი ასპარეზის მოედანს უწოდებდა. ამას ხაზს უსვამს ქალაქის სხვა ელემენტების დასახელებაც, რომელიც ასპარეზის მოედანთან იყო დაკავშირებული. მაგალითად, გალავნის ჩრდილოეთ კედელში მოქცეულ ერთ–ერთ კარს (შემდგომში „მუხრანის კარად“ წოდებულს) ბაგრატიონს უწოდებს. „მეიდნის კარის ხიდით“ (№23), ასპარეზის აღმოსავლეთით, მტკვის პირას მდგარ სასახლეს – „მეიდნის სასახლეს“ (№27), ასპარეზის წინ მდებარე კუნძულზე (შემდგომში ორბელიანის, უფრო გვიან – მადათოვის) გაშენებულ ბაღს იგი უწოდებს: „ახალ ბაღს მეიდნისა“.

ამგვარად, მეტეხის ხიდთან განლაგებულ მოედანს კონკრეტული დასახელება ჰქონდა: „ციხის მეიდანი“. შემდგომში მან იცვალა სახელი და ჩუიკოს მიერ შედგენილ თბილისის 1800 წლის გეგმაზე უკვე „თათრის მეიდანი“ ჰქვია. რაც შეეხება ასპარეზის მოედანს, ამ გეგმაზე „ყაბახის მეიდანი“ ეწოდება. ქალაქელებმა „მეიდნის“ განზოგადებული სახელი „ციხის მეიდანზე“ გადაიტანეს, რომელსაც სხვა სახელებიც გააჩნდა: „თათრის მეიდანი“, „შეითან–ბაზარი“, „ქვემო მეიდანი“ იხ. თათრის მოედანი.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9