მა მე მთ მი მნ მო მუ მშ
მეი მელ მეტ მეფ მექ

მეტეხის ხიდი

უძველესი ხიდი მტკვარზე აგებული იყო მეტეხის კლდის ვიწროებში, იქ სადაც მდინარის კალაპოტი ყველაზე მეტად არის შევიწროებული და სადაც თბილისის აკვანი დაირწა. ხიდი მდინარისაკენ ორთავ მხრიდან ჩამოსული საციხო ნაგებობების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იყო მოქცეული. ფორტიფიკაციული ნაგებობების სისტემა მდინარის კალაპოტზე და მის გასწვრივ გამავალი გზის ეფექტური კონტროლის საშუალებას იძლეოდა. ხიდი არსებობდა ამ ადგილზე ციხესიმაგრეების დაარსებიდანვე. ასეთ დასკვნამდე მივყავართ ადგილმდებარეობის ხასიათს, საციხო ნაგებობების კომპოზიციას. ივანე ჯავახიშვილი თვლიდა, რომ ამ ადგილას, ძველად ერთურთის მახლობლად ორი ხიდი უნდა ყოფილიყო. ამის საბაბი ჯავახიშვილს მისცა იოანე საბანიძის „აბო თბილელის მარტვილობაში“ ნახსენებმა „ხიდთა ქალაქისთა“ (უნდა აღინიშნოს, რომ ორი ხიდი მე–19 საუკუნეშიც იყო აგებული). უძველესი ხიდის ბურჯზე ჯვარი იყო აღმართული. „...ზედა აღმართული იყო პატიოსანი ჯუარი ხიდისა“ („აბო თბილელის მარტვილობა“). შესაძლებელია, რომ ხიდი გარკვეულ რელიგიურ დანიშნულებასაც ასრულებდა. ალბათ, შემთხვევით არ არის, რომ ირანის შაჰმა ისმაილმა თბილისის დალაშქვრისას მაინცდამაინც ამ ადგილზე, „პატიოსანი ჯვრის“ მაგიერ მეჩეთი ააშენა. ამ აქტს მუსლიმან დამპყრობლისათვის სიმბოლური მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. საგულისხმოა, რომ სწორედ ამ ხიდზე ცდილობდნენ მტრები თბილისელთა გამაჰმადიანებას. ურჩებს მდინარეში ყრიდნენ. ასე იყო 1226 წელს ხვარაზმელთა ურდოების შემოსევისას, იგივე გამეორდა 1522 წელს სპარსელთა შემოჭრისას. (იხ. დ. გვრიტიშვილი, შ. მესხია, თბილისის ისტორია, თბილისი, 1952, გვ. 91.). ძველ წერილობით წყაროებში მეტეხის ვიწროებში აგებული ხიდი მოხსენიებულია როგორც ერთადერთი ქალაქში. ამასთან, ავტორები აღნიშნავენ ხიდის სიდიდეს და სიმტკიცეს. ყაზანელი სოვდაგარი ვასილ გაგარა, რომელიც ღვთისათვის მიცემულ აღთქმის შესასრულებლად იერუსალიმში გაემგზავრა ცოდვების მოსანანიებლად და გზად თბილისზე გაიარა, თავის „Житие и хождение в Иерусалими и Эгипет»–ში თბილისის ხიდს „საკვირველს“ უწოდებს.

სხვადასხვა ხანის აღწერილობის მიხედვით, ხის ხიდი მეტეხის ვიწროებში ერთმალიანი იყო. იგი არაერთხელ დანგრეულა და აღდგენილა. ხიდს ზოგჯერ თბილისელებიც შლიდნენ, რათა მტერი არ გადმოსულიყო მეორე ნაპირზე. ასე მოხდა 1046 წელსაც, როდესაც ბაგრატ IV შემოვიდა თბილისში. ისნელებმა აყარეს ხიდი „...და არ მისცეს ისანი“ („ქართლის ცხოვრება“). იგივე გამეორდა ხვარაზმელი ჯელალ–ედ–დინის მრისხანე ურდოების შემოსევისას, რომელთაც ვერ შეძლეს ისნის დაპყრობა, რადგან ისნელებმა წინასწარ დაშალეს ხიდი. შუა საუკუნეებში მეიდნის მხრიდან ხიდისკენ გამავალი ვიწრო ქუჩა დუქნებით იყო მოშენებული. ხიდთან, მარჯვენა ნაპირზე ახტალელი ეპისკოპოსების ადგილსამყოფელი და კონსტანტინესა და ელენეს სახელზე აგებული ეკლესია იყო. იგი მონგოლებმა დაანგრიეს. აღდგენის შემდეგ კი კვლავ დაწვეს შაჰ–აბასის შემოსევისას. მის ადგილზე მე–19 საუკუნეში სამსართულიანი ქარვასლა აშენდა. 1522 წელს შაჰ ისმაილის ჯარების შემოჭრისას, დანგრეული მცირე ეკლესიის ადგილზე, უშუალოდ ხიდთან შიიტური მეჩეთი ააგეს. მოგვიანებით, შაჰ–აბასის შემოსევისას (1606 წ.) მეჩეთი გააფართოვეს და მეტად ცხოველხატული მინარეთით დააგვირგვინეს. მეჩეთი შაჰ–აბასის სახელს ატარებდა. სამამულო ომის შემდეგ ახალი ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით მეჩეთი დაანგრიეს.

სპარსელების უკანასკნელი შემოსევისას, 1795 წელს ხიდმა ქალაქის ბედი გაიზიარა, 1797 წელს იგი აღადგინეს და მხოლოდ 1805 წლამდე იარსება. ხიდი ადიდებულმა მტკვარმა წაიღო. 1805 წელს აგებული ხის ხიდი 1826 წლამდე იდგა, სანამ მას ხისავე თაღოვანი ხიდი შეცვლიდა. 1870 წელს აქ ლითონის ხიდი აღმართეს (ინჟ ზაზემანი).

1805 წლიდან, ოდნავ ქვევით, მეორე მეტად არასაიმედო ხიდი მოქმედებდა, რომელიც ხშირად განახლდებოდა ხოლმე. ზედა ხიდს „ავლაბრის ხიდს“, ხოლო ქვედას „მეტეხის ხიდს“ უწოდებდნენ. 1849 წელს მეტეხის დროებითი გადასასვლელის მაგივრად ხის „ტაუნის“ სისტემის ხიდი ააგეს, რომელმაც 1870 წლამდე იარსება, შემდეგ იგი ლითონის ხიდმა შეცვალა (ინჟ. ორდიში). თუკი ავლაბრის ხიდზე ტრანსპორტი (ურემი, ფაეტონი) გადიოდა, მეტეხის ხიდზე მხოლოდ ფეხით მოსიარულენი და სახედრები მოძრაობდნენ. ამიტომ თბილისელებმა მეტსახელად მას „ვირის ხიდი“ შეარქვეს. ავლაბრის ხიდის მალი 30,5 მეტრი იყო, ხოლო მეტეხისა – 27,5. ახალი რკინაბეტონის ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით ორივე ძველი ხიდი დაშალეს ჩვენი საუკუნის ორმოცდაათიან წლებში, მეტეხის ხიდი – მშენებლობის დაწყების წინ, 1951 წელს, ხოლო ავლაბრისა – ახალი ხიდის გახსნიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 1955 წელს.

ახლანდელი ხიდი გაიხსნა 1951 წელს (ინჟ. გ. ჩომახიძე, არქიტექტორი ს. დემჩინელი). რკინაბეტონის ხიდი ორმალიანია. მალი მდინარეზე 43 მეტრს აღწევს, ხოლო სანაპიროზე – 20 მეტრს. ხიდის მშენებლობამ იმსხვერპლა ძველი თბილისის ერთ–ერთი კოლორიტული უბანი. ვგულისხმობთ მეტეხის ყელში არსებული ხიდების გარშემო ყოფილი განაშენიანებით შექმნილ თავისებურ კომპლექსს. საცხოვრებლის გარდა დაინგრა მტკვრის მოპირდაპირე მხარეს მდგარი ქარვასლები და ე.წ. „შაჰ–აბასის“ მეჩეთი, მოპირკეთებული მაიოლიკით. ეჭვს გარეშეა, დღეს რომ ამ უბნის რეკონსტრუქცია დაგვეწყო, ძველი კომპლექსის დიდი ნაწილი გადარჩებოდა.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9