მა მე მთ მი მნ მო მუ მშ
მთა

მთაწმინდა

მთა, რომელიც მკვეთრად გამოყოფს თბილისის სამხრეთ–აღმოსავლეთ საზღვრებს და ქალაქის სილუეტის მთავარ დომინანტს წარმოადგენს. მთა მასზე აგებული ნაგებობებით თბილისის არქიტექტურულ–მხატვრული სახის სიმბოლოდ იქცა. პრაქტიკულად იგი აღიქმება თბილისის თითქმის ყველა უბნიდან და ქალაქის მისადგომებთან.

საქართველოში მრავლადაა მაგალითები, როდესაც ქრისტიანულ ტაძრებსა და მათ მიდამოებს საბერძნეთისა და პალესტინის „წმინდა ადგილების“ სახელწოდებებს ანიჭებდნენ (ათენი, ანტიოქია, ნიქოზია, კაბენი და სხვა). თბილისის საერთო ხედში გაბატონებულმა მთამ მთაწმინდის სახელი მიიღო ათონის „წმინდა მთის“ პატივსაცემად. ამ დასახელების წარმოშობა IX საუკუნეს უნდა მიეკუთვნებოდეს, როდესაც ათონის მთაზე ქრისტიანული მონასტრები და სამლოცველოები (მათ შორის ქართულიც) გავრცელდა. ცნობას იმის შესახებ, რომ თბილისის ამ მთის სახელწოდება ათონის „წმინდა მთიდან“ მოდის, ვახუშტი ბაგრატიონი გვაწვდის.

თბილისის მთაწმინდის პლატოს ათვისების იდეა პირველად გასული საუკუნის მიწურულს აღმოცენდა. თავდაპირველად დააპირეს სააგარაკო მშენებლობა, ხოლო შემდგომში წარმოიშვა წინადადება აქ „ახალი ქალაქის“ მშენებლობის თაობაზე. პროექტიც კი იყო შედგენილი, სადაც ტერიტორია გამოყოფილი იყო უბნებად და დაკვალული – ქუჩებით. ამ იდეასთან არის დაკავშირებული საბაგირო რკინიგზის – ფუნიკულიორის მშენებლობა. იხ. ფუნიკულიორი. მთაწმინდის კალთაზე მამადავითის ეკლესიის ირგვლივ ქართველი ხალხისთვის წმინდათაწმინდა ადგილია: „მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი“. იხ. მამადავითი.

წლების მანძილზე მთის პლატოზე იდგა ზედა სადგურის მცირე შენობა (ე.წ. „როტონდა“) და რამდენიმე დუქანი. ტერიტორია უკაცრიელი და კეთილმოუწყობელი რჩებოდა.

ოცდაათიან წლებში გადაწყდა მთაწმინდაზე პარკის მოწყობა. თავდაპირველად პარკის პროექტი შეადგინა 1935 წელს ცნობილმა არქიტექტორმა მ. გინზბურგმა. განზრახული იყო საზოგადოებრივი შენობების დიდი კომპლექსის შექმნა, რომელსაც ვერტიკალური კომპოზიციის მქონე შ. რუსთაველის ძეგლი დააგვირგვინებდა, პროექტი განუხორციელებელი დარჩა. შემდგომში პარკი გაშენდა ზ. და ნ. ქურდიანების პროექტით (დენდროლოგი ე. ციციშვილი).

თავდაპირველად პარკს გამოუყვეს მხოლოდ 9 ჰექტარი. 1938 წლისათვის, როდესაც პარკის მშენებლობა ძირითადად დამთავრდა, მას 34 ჰექტარი ეკავა. დღეს პარკის ნარგავებს 100 ჰექტარი უკავია. გენერალური გეგმის მიხედვით, მომავალში მთაწმინდის ტყე–პარკი უნდა შეუერთდეს კუს ტბის მიდამოებს, რითაც მწვანე სარტყელი იქნება თბილისის სამხრეთ–დასავლეთ მხარეზე. ფუნიკულიორის ზედა სადგურის შენობა აშენდა 1938 წელს (არქიტექტორები ზ. ქურდიანი, ნ. ქურდიანი და ა. ვოლობუევის მონაწილეობით). სამანქანო სადგომების გარდა აქ განთავსებულია რესტორანი და ბარი. შენობის მთავარი ელემენტი ტერასაა, რომელიც აერთიანებს ფასადებს. ტერასა წარმოადგენს აჟურული ჭერით გადახურულ მაღალ სვეტებზე შემდგარ თაღებს. მკვეთრად გამოტანილი კარნიზით დაგვირგვინებული შენობა კარგად არის შეხამებული გარემოსთან. შენობის გრძივ მოცულობას აწონასწორებს მის გვერდით აღმართული სატელევიზიო კოშკი (1947 წ.).

1959 წელს მწყობრში ჩადგა საჰაერო–საბაგირო გზა, რომელმაც მთაწმინდის პლატო უმოკლესი გზით დაუკავშირა რუსთაველის მოედანს.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9