მა მე მთ მი მნ მო მუ მშ
მნა

მნაცაკანოვის ხიდი

1852 წელს სეიდბადის განაპირას, დღევანდელი 300 არაგველის ხიდის ხაზზე ხის ხიდი აშენდა (მე–15 საუკუნეში აქ „კახეთის ხიდი“ არსებობდა ცხვრის გადმოსარეკად, იგი მე–17 საუკუნეში დაინგრა შაჰ–აბასის შემოსევისას). ხიდი ეკუთვნოდა კერძო პირებს, რომლებმაც საკმაოდ დიდი ბაჟი დააწესეს ხიდით სარგებლობისათვის. ერთი წლის შემდეგ ხიდი შეისყიდა ვაჭარმა ი. მნაცაკანოვმა და ქალაქს გადასცა (იხ. ნ. კვეზერელი–კოპაძე, თბილისის ხიდები. თბილისი 1961, გვ. 44). აქედან მოდიოდა დასახელებაც – „მნაცაკანოვის ხიდი“.

1866 წელს მნაცაკანოვის ხიდი დაინგრა რუსეთ–თურქეთის ომის პერიოდში. 1877–1878 წლებში აქ ორი ბორანი მოქმედებდა. ამ გადასასვლელს განსაზღვრული სამხედრო–სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ახალი ლითონის ხიდი ძველის ადგილზე 1882 წელს ააგეს და თბილისელებმა მასზე ავტომატურად გაავრცელეს ძველი ხიდის დასახელება, თუმცა ამჯერად მნაცაკანოვს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია შენებლობაში. ლითონის ხიდმა მანამ იარსება, სანამ ამ ადგილზე ორთაჭალჰესი არ აშენდა.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9