ამჟამინდელი ბარათაშვილის ხიდის ხაზზე ადრე სხვა ხიდი არსებობდა, რომლის პროექტი ჯერ კიდევ 1882 წელს დაამუშავა ინჟინერმა უმანსკიმ (ვერის ხიდის ავტორმა). ამის შემდეგ რამდენიმე საპროექტო წინადადება იყო წამოყენებული. ბოლოს შეჩერდნენ ე. პატონის პროექტზე. ერთმალიანი ლითონის ხიდი 1911 წელს ხუთ თვეში ააგეს. მისი მშენებლობისას ააფეთქეს მე–17 საუკუნის არაგვის ხიდის ჯერ კიდევ შემორჩენილი ბურჯები. ახალი ხიდის მალი შეკიდული იყო ურთიერთდაკავშირებულ ლითონის ფერმებზე. ხიდის ფენილი მოწყობილი იყო ხის (ევკალიპტის) ძელებით. ხიდს „მუხრანის“ სახელწოდება გამოყვა (ამ ადგილზე არსებულ მუხრანბატონის სახლის და უბნის გამო). იგი მოშალეს 1965 წელს ახალი ხიდის აშენების შემდეგ, რომელსაც ბარათაშვილის სახელი ეწოდა.
Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.