მა მე მთ მი მნ მო მუ მშ
მშრ

მშრალი ხიდი

დღეს საყრდენი კედლებით შევიწროებულ მტკვარზე ქალაქის ფარგლებში კუნძულებს ვეღარ ნახავთ. ადრე კი მდინარეზე ბევრი დიდი და მცირე კუნძული იყო. თბილისის ძველ გეგმებზე კუნძულების ჯგუფი ნაჩვენებია დღევანდელი ელბაქიძისა და ბარათაშვილის ხიდებს შორისაც.

ამჟამინდელი მარქსის სახელობის მცირე, ერთმალიანი ხიდის ქვეშ ჩვენი საუკუნის 30–იან წლებამდე მტკვრის ტოტი მოედინებოდა. ახლა მის ადგილზე სანაპირო ტრასა გადის. ეს ხიდი ალექსანდრეს (დღევანდელი კომუნარების) ბაღის მიდამოებსა და ე.წ. მადათოვის კუნძულს უკავშირდება, საიდანაც მრავალმალიანი ხიდი კუკიის უბნისაკენ იყო გადადებული. 1938 წელს მტკვრის ტოტი ამოაშრეს და კუნძული გაქრა. ხიდი კი შემორჩა და სანაპიროს ქუჩაზე გადადის. სწორედ მტკვრის ტოტის ამოშრობის შემდეგ შეარქვეს მას „მშრალი ხიდი“. იგი 1851 წელს ააგეს იტალიელი ჯოვანი სკუდიერის პროექტით. თლილი ქვით ამოყვანილი 32–მეტრიანი მალის მქონე ნაგებობა მაშინ საინტერესო ტექნიკურ სანახაობას წარმოადგენდა.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9