სა სე სვ სი სკ სო სტ სუ
სიმ სიო სირ

სიონი

თბილისის სიონი დგას ძველ ქალაქში და დასავლეთის ფასადით სიონის ქუჩაზეა მიმართული. 70–იან წლებში ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად მოიხსნა ძველი სახლები და ტაძრის აღმოსავლეთის ფასადი მტკვრის სანაპიროსკენ გაიხსნა.

თბილისის სიონი ღვთისმშობლის სახელზე აგებული კათედრალური ტაძარია. მას საფუძველი მე–6 საუკუნეში ჩაეყარა და მშენებლობა მე–7 საუკუნის 20–იან წლებში, ქართლში ადარნასეს გამგებლობის ხანაში დასრულდა. ტაძარს ჩვენამდე პირვანდელი სახით არ მოუღწევია. ქალაქის უმთავრესმა ქრისტიანულმა სამლოცველომ თბილისის ისტორიის ავ–კარგი გაიზიარა. თბილისის სიონი არაერთხელ გაუძარცვავთ, დაუნგრევით, დაუწვავთ და კვლავ აღუდგენიათ. ძნელია დღემდე მოღწეული სიონის არქიტექტურა მიაკუთვნო ერთ რომელიმე კონკრეტულ ეპოქას. მისი ახლანდელი სახე, როგორც ჩანს, ძირითადად XI-XII საუკუნეებშია ჩამოყალიბებული, თუმცა იგი სხვადასხვა სამშენებლო შრეს მოიცავს – შედარებით ადრინდელს და უფრო გვიანდელსაც. სულ ახლახანს, წყალსაწრეტი სამუშაოების ჩატარებისას გაიხსნა ძველი ცოკოლის ფრაგმენტები. შენობის გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის კედლებს და ორ ბურჯს. ტაძრის ინტერიერში ჩანს გვიანი ხანის გადაკეთებების კვალი (მაგალითად, მე–17 საუკუნის წაისრული თაღები). აღმოსავლეთის ფასადზე მკაფიოდ იკითხება გამოწეული წახნაგოვანი აფსიდები. 1657 წელს თბილისის მიტროპოლიტმა ელისე საგინაშვილმა ჩაატარა რიგი აღდგენითი სამუშაოებისა, მასვე მიუშენებია სამლოცველო ტაძრის სამხრეთ მხარეზე. „ნებითა ღვთისითა და შეწევნითა სიონთა ღვთისმშობლისათა, მე თფილელმან ელისე საგინაშვილმან, აღვაშენე გუმბათი ესე სიონისა, ორჯერ სამხრეები და კარის–ბჭე და დავხატე და შევამკე ყოვლითა სამკაულითა“...

უფრო გვიან, 1710 წელს ვახტანგ VI ბრძანებით, კვლავ განუახლებიათ გუმბათი. ამას მიუთითებს იმდროინდელი წარწერა: „მადიდებელი სამებისა, და ძე დიდად პატიოსნისა ლევანისა, – განგებელი ქართლისა ბატონიშვილი ვახტანგ, განმაახლებელი გუმბათით ლომფინის – ცვრით მონასტრისა ამის“... იმავ დროს განეკუთვნება შენობის მოპირკეთება. მთლიანად შეიცვალა ტაძრის ინტერიერი გასული საუკუნის შუა ხანებში. იგი მოხატეს ცნობილი რუსი მხატვრის გრიგოლ გაგარინის ესკიზებითა და ხელმძღვანელობით. ამ დროინდელია (1856–1860) არსებული კანკელიც.

ტაძრის ჩრდილოეთით დგას სამრეკლო, იგი მე–15 საუკუნეშია აშენებული, გარდა ზედა ნაწილისა, რომელიც ჩვენ დროში იქნა აღდგენილი. რაც შეეხება მაღალ სამრეკლოს სიონის დასავლეთით, ქუჩის გადაღმა, იგი აუგიათ 1812 წელს და თბილისში შემოტანილი რუსული კლასიცისტური არქიტექტურის პირველი მაგალითთაგანია.

საქართველოში ხშირად გვხვდება დასახელებები, რომლებიც პალესტინის და საბერძნეთის ე.წ. „წმინდა ადგილების“ ან ტაძრების სახელწოდებებს იმეორებენ (ათონი, ბეთანია, ბეთლემი, მთაწმინდა და სხვა.) თბილისის კათედრალური ეკლესიის დასახელება იერუსალიმის სიონიდან მომდინარეობს. აღსანიშნავია, რომ „სიონი“ მხოლოდ თბილისში როდია (სამშვილდე, ათენი, ბოლნისი და სხვა). გიორგი ჩუბინაშვილის აზრით, საქართველოში „სიონის“, იერუსალიმის სიონის მაგალითისამებრ, მხოლოდ ღვთისმშობლის სახელზე აგებული ეკლესიებს არქმევდნენ.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9