შა შე შუ
შუა შურ

შუაბაზარი

შუა საუკუნეების თბილისში მრავალი ბაზარი იყო. ამ დროს ბაზრის არსი თანამედროვისაგან განსხვავდებოდა და დუქნების რიგებს ერქვა, ქუჩის გასწვრივ თუ მოედანზე. შუაბაზარი ერთ-ერთ ასეთ ქუჩას წარმოადგენდა, რომელიც ორთავ მხარეზე დუქნებით და სახელოსნოებით იყო მოშენებული. ეს ქუჩა კოჯრის კართან იწყებოდა და დღევანდელ ლესელიძის ქუჩის ხაზს გასდევდა. შუაბაზარი მთავრდებოდა ხარაზხანის (აწინდელი ლესელიძის ქუჩის მონაკვეთი) და რასტაბაზრის (ერეკლეს ქუჩა) შესაყარზე განლაგებულ ჩორსუსთან (დახურულ ბაზართან).

ქუჩა თბილისის ძირითად ბირთვს - კალას ორ დიდ უბნად, ზედა და ქვედა უბნებად ყოფდა და ამიტომ შეარქვეს მას შუაბაზარი, ე.ი. ორ უბანს შუა განლაგებული ბაზარი. მე-19 საუკუნეში მას ერთდროულად „სომხის ბაზარსაც“ უწოდებდნენ, ხოლო თბილისის 1800 წლის გეგმაზე იგი „მაღალი ბაზრის“ სახელწოდებით არის აღნიშნული. ამ ქუჩამ რადიკალურად იცვალა სახე საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. 20-იანი წლების ბოლოს დუქნები მოანგრიეს და ქუჩა გააფართოვეს.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9