სა სე სვ სი სკ სო სტ სუ
სომ სოღ

სოღდებილი

დღევანდელი მეტეხის პლატოზე პირველი ციხესიმაგრის აგების თარიღის შესახებ ზუსტი ცნობები არ მოიპოვება. არც იმის საბუთი არსებობს, თუ როდის, თუ როდის გამოჩნდნენ აქ პირველი მოსახლენი. პლატონ იოსელიანი თვლიდა,რომ ციხე-სიმაგრე და პირველი ეკლესია ამ ადგილზე ვახტანგ გორგასალის ზეობის ხანაში ააგეს, მაგრამ მას არ მოყავს რაიმე საბუთი.

სახელწოდების წარმოშობას ხსნიან გადმოცემით, რომ მე-6 საუკუნეში სპარსეთის მეფეს ხოსრო პირველს სამხედრო-სტრატეგიული მოსაზრებით აქ ჩამოუსახლებია სპარსული მოდგმის ტომი - სოღდები. აქედან - სოღდებილი. ზოგიერთის აზრით კი, „სოღდებილი“ სასაფლაოს აღმნიშვნელი სიტყვიდან - „საგოდებლიდან“ უნდა იყოს ნაწარმოები. ამ ადგილებში სასაფლაოს - საგოდებლის არსებობაზე მოწმობს იოანე საბანის ძე თავის „მარტვილობაი ჰაბო ტფილელისაიში“. აბოს ცხედარი გაასვენეს“ „...გარეშე ქალაქსა და აღიღეს ადგილსა, რომელსა საგოდებელი ეწოდების, რამეთუ მუნ არს საფლავები კაცთა მის ქალაქისათაი“.

არაბ ისტორიკოსებს ბუღათურქის შემოსევის (853 წ.) აღწერისას ნახსენები აქვთ ციხესიმაგრე „სოღდებდის მედინა“. ატ-ტაბარი თბილისის ხუთ კართა შორის იხსენიებს „სოღდებლის კარს“. ბუღათურქის დამსჯელმა ექსპედიციამ მიწასთან გაასწორა თბილისის ციხესიმაგრეები და მათ შორის სოღდებლის ციხე - „მედინა“. „მოვიდა და მოადგა ტფილისს ქალაქსა, რამეთუ არა მორჩილობდა სააკ ამირა: მოკლა სააკ, შემუსრა ტფილისი, დაწუა ცეცხლითა და მოაოხრნა ყოველნი არენი მისნი“ (ქართლის ცხოვრება, გვ. 162). როგორც ჩანს, ამის შემდგომ ხელახლა აგებულ ციხესიმაგრეს ეწოდა ახალი სახელი - ისანი.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9