ცი ცხ
ციხ

ციხის ბაღი

თბილისი ძველთაგანვე განთქმული იყო ბაღებით. თბილისის სტუმრები ქალაქის აღწერისას აღტაცებით მოიხსენიებენ მათ. ერთი ასეთი ბაღი არსებობდა ტერიტორიაზე, რომელიც დღეს ბოტანიკურ ბაღს უკავია.ვახუშტი ბაგრატიონი თბილისის 1735 წლის გეგმაზე ამ ბაღებს „ციხის ბაღის“ სახელწოდებით აღნიშნავს. ბაღი კედლით იყო გარშემოვლებული. იგივე ბაღი თბილისის შემდგომ გეგმებზეც არის აღნიშნული.

საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ბაღს „თბილისის სახაზინო ბაღი“ ეწოდა. შემდგომში იგი ამიერკავკასიის სოფლისა და მანუფაქტურული მრეწველობის წახალისების საზოგადოებას გადაეცა, 1845 წელს კი, ე.წ. თბილისის საცდელ ფერმას . სწორედ ამ დროს ეწოდა მას პირველად „ბოტანიკური“. 1846–1857 წლებში ბაღი რამდენჯერმე დაფარა ადიდებულმა წავკისწყალმა, ხოლო 1848 წელს ნარიყალაზე დენთის საწყობის აფეთქებამ დააზიანა. 1856 წლიდან ბაღი სასეირნო (Гулъбищный) ბაღად აქციეს. იმდროინდელი მოწმობით, აქ ეწყობოდა აღვირახსნილი ქეიფები და ნარგავების ძვირფასი ჯიშები ნადგურდებოდა. შემდგომში მასში განლაგდა მებაღეობის სასწავლებელი, 1861 წელს კი კვლავ დაუბრუნდა „ბოტანიკური ბაღის“ სახელწოდება. 1884 წელს ბაღი საბოლოოდ გადავიდა სახელმწიფოს გამგებლობაში.

გასული საუკუნის 60-იან წლებში ინჟინერ-პოლკოვნიკმა ს. ვეისენგოფმა სოლოლაკის ქედში გვირაბის გაჭრის იდეა წამოაყენა. მას ენგელსის ქუჩა უმოკლესი გზით უნდა დაეკავშირებინა აბანოების უბანთან. შემდგომში ეს იდეა პროექტად იქცა, რომელიც გულისხმობდა გვირაბის გაჭრას ენგელსის (მაშინდელი ბებუთოვის) ქუჩის ბოტანიკურ ბაღთან დასაკავშირებლად. დაიწყეს კიდეც გვირაბის გაჭრა. სამუშაოები საბჭოთა ხელისუფლების წლებში დასრულდა. ბაღში ჩანჩქერის თავზე აღმართულია ლამაზი მოხაზულობის ხიდი, რომელიც ერთ-ერთი პირველთაგანია ჩვენი საუკუნის დასაწყისში აგებული რკინაბეტონის ხიდთაგან.

საბჭოთა ხელისუფლების დროს ბოტანიკური ბაღის ტერიტორია ოთხჯერ გაიზარდა.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9