ხა ხი ხო ხუ
ხალ ხარ

ხარფუხი

აბანოების უბანსა და ორთაჭალას შორის, თაბორის მთის ძირში, მე-18 და მე-19 საუკუნეების მიჯნაზე პატარა სოფელი ხარფუხი წარმოიშვა. ადრე სეიდაბადად წოდებულ უბანსაც მე-19 საუკუნიდან ხარფუხი ეწოდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში სოფელში დასახლდნენ ლეკების მიერ დარბეული სოფელ წალასყურიდან გადმოხიზნული გლეხები. 1811 წელს ხარფუხი თბილისის მაზრას მიაწერეს. 1819 წელს სამოქალაქო გუბერნატორმა ხოვენმა ოფიციალურად სთხოვა მთავარმართებელ გენერალ ერმოლოვს ხარფუხის თბილისთან შემოერთება. იგი ერმოლოვს ატყობინებდა, რომ ხარფუხში თავშესაფარს პოულობდნენ ბოროტმოქმედნი, სხვადასხვა ჯურის უპასპორტო საეჭვო ხალხი და საქონლით დატვირთული კონტრაბანდისტები. საზღვარგარეთიდან გადმოსულ კონტრაბანდისტებს თვით ხოვენი წასწყდომია. ერმოლოვი დაეთანხმა ხოვენის წარდგენას და მისი 1819 წლის 15 მარტის ბრძანებით, ხარფუხი ოფიციალურად თბილისის ნაწილად იქცა. ამ დროისათვის ხარფუხის მოსახლეობა სულ 33 კომლს (143კაცს) შეადგენდა, მიუხედავად ოფიციალური აქტისა, რამდენიმე ათეული წელი ხარფუხი სოფლად რჩებოდა და მხოლოდ გასული საუკუნის 60-იან წლებში მკვიდრდება ცხოვრების ქალაქური წესი და სათანადო განაშენიანება.

ამ უბანში თათრების სასაფლაოს სიახლოვეს მცირე ნაგები კედელი თუ საკულტო დანიშნულების ქვა იდგა ხატითურთ. თბილისელების რწმენით, ამ ხატს სურდოს განკურნება შეეძლო და მასთან სურდოშეყრილი ბავშვები მოჰყავდათ. იოსებ გრიშაშვილი წერდა: „ხარფუხი (ანუ ხარბუხი) - ძველებურ სომხურ ენაზე სურდოს ნიშნავს. მართლაც ხარფუხის თავზე სოფელ შინდისის გზის დასაწყისში, კლდის ქიმზე, დღესაც მოჩანს პაწაწა ნანგრევები, რომელსაც „სურდოს ხატს“ უწოდებენ. სურდოიანი პაციენტი ეხლაც ესტუმრება ხოლმე ამ ხატს. ამ ხატს მოუტანს საყმაწვილო ჭინჭილებს, მიამტვრევს ხატის წინაშე და ვითომ ამით სურდოო იკურნება ხოლმე“.

გრიშაშვილის ქუჩის სიახლოვეს შემაღლებულ ადგილზე დგას აგურით ნაგები და მოლურჯო შორენკეცით დახურული გუმბათიანი წმ. ნიკოლოზის ბერძნული ეკლესია, რომელიც 1853 წელს არის აშენებული.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9