ხა ხი ხო ხუ
ხოჯ

ხოჯავანქი

ამ სახელწოდებით მოაღწია ავლაბარსი ბოლო დრომდე არსებულმა მე-17 საუკუნის სომხურმა ეკლესიამ. სახელწოდება თბილისელებმა ეკლესიის მიმდებარე ძველ სომხურ სასაფლაოზეც გაავრცელეს. ეს სასაფლაო იხსენიება მე-17 საუკუნის წყალობის წიგნში. მეფე როსტომმა 1654 წელს ზარაბთუხუცესს ხოჯა ბეჰმუდას უწყალობა მიწა სასაფლაოს გვერდით (ხოჯა ბეჰმუდა, ბებუთაშვილების საგვარეულოს დამაარსებელი, თავის დროის გამოჩენილი და მდიდარი ვაჭარი ყოფილა. ისტორიული წყაროები მას მიაწერენ მდინარე ვერეზე ხიდის მშენებლობასაც). ამასთან ირკვევა, რომ ეს სასაფლაო ხოჯა ბეჰმუდას წინაპრებისა ყოფილა. ახლად მიღებულ მიწაზე, მახათას მთის ძირას, მეფის დასტურით ხოჯა ბეჰმუდა ღვთისმშობლის სახელზე ეკლესიას აშენებს, რომელსაც თბილისელებმა ხოჯავანქი შეარქვეს და შემდგომში სახელწოდებამ სასაფლაოც მოიცვა. ეს ეკლესია აღნიშნული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს თბილისის გეგმაზე, „მელიქის საყდრის“ სახელით. ხოჯა ბეჰმუდამ აქვე ბაღიც გააშენა, რომლის სარწყავად წყალი მთის ძირიდან გამოუყვანია. ამ ბაღს ვახუშტი, „ბებუთას ბაღს“ უწოდებს. ხოჯავანქის ასტვაწაწინის (ღვთისმშობლის) ეკლესია თბილისის ამ უბნის რეკონსტრუქციისას აიღეს.

Source: კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985. - 102გვ. : 12ფ. ილ. ; 21სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 99. - 45კ., 20000ც.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9