ია იბ იე იზ ის
იბნ

იბნ ჰაუკალი

არაბი გეოგრაფი და მოგზაური (დ. 943 − გ. წ. უცნობია). ავტორი თხზულებისა „წიგნი გზებისა და სახელმწიფოების შესახებ“, რომელშიც დიდი ადგილი აქვს დათმობილი ცნობებს ამიერკავკასიაზე. X ს. შუა წლებში ი. ჰ. თბილისში ჩამოვიდა და შემოგვინახა ქალაქის მეტად საინტერესო აღწერილობა: თბილისს იგი ამიერკავკასიის მეორე ქალაქად თვლის და აღნიშნავს, რომ „სიდიდით ის მხოლოდ ბაბ ალ-აბვაბს (დერბენდს) ჩამოუვარდება. მას ორი კედელი აქვს თიხისაგან და სამი კარი. ესაა ქალაქი ნაყოფიერი, გამაგრებული, მდიდარი პროდუქტებით, იაფფასიანი, თავისი კეთილდღეობით აღემატება სხვა მდიდარ სახელმწიფოებსა და ნაყოფიერ ქვეყნებს... ქალაქი წარმოადგენს მნიშვნელოვან სასაზღვრო პუნქტს, უამრავი მტრებით გარშემორტყმულს ყოველი მხრიდან... ქალაქი მდინარე მტკვარზე მდებარეობს. თბილისში მცურავი წისქვილებია, რომლებიც ფქვავენ ხორბალს. თბილისში უცხოელთათვის უშიშროება და სტუმართმოყვარეობა სუფევს. აქ ყველას, მათთან შემთხვევით მოსულსაც კი მეგობრულად ექცევიან, ვისაც კი ოდნავი გულისხმიერება ან ცოდნა აქვს მეცნიერებისა“.

ლიტ:. სიხარულიძე ე., იბნ ჰაუკალი თბილისის შესახებ, კრ.: საქართველოს ისტორიის აღმოსავლური მასალები, წგ. 1. თბ., 1976.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9