ია იბ იე იზ ის
ისქ

ისქანდერ მუნში

სპარსელი ისტორიკოსი (1560-1634). თხზულებაში „ქვეყნის დამამშვენებელი ისტორია აბასისა“ ავტორი გვაწვდის ცნობებს საქართველოში ყიზილბაშების შემოსევების შესახებ. საფიქრებელია, 1606-07 იგი თან ახლდა შაჰაბას I-ს თბილისის აღების დროს. ი. მ. ხაზს უსვამს თბილისის დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობას აღმ. ამიერკავკასიისათვის. იგი აღტაცებული წერს: „ჭეშმარიტად ასე ადვილად ხელში ჩაგდება ასეთი მაგარი ციხისა, რომელიც საქართველოსა და შირვანის ვილაიეთების ბურჯია, ზეციური დახმარების... გარეშე არ შეიძლება მომხდარიყო. თბილისს მაგარი ციხე აქვს, ციხის კოშკები ძალიან მაღალია, ციხე ძნელი ასაღებია, რადგანაც სამი მხრიდან მას ცამდე აღმართული მაღალი მთები აკრავს, ერთ მხარეზე მდინარე მტკვრის წყალი ჩაუდის,კლდოვან ნაპირებზე ხიდია გადებული, კლდიდან 70-80 ცხელი წყარო გადმოდის. მუსლიმანი თუ ქართველი მეფეები ამ ცხელ წყაროებზე გუმბათებს აგებენ და ბანაობენ. რამდენიმე აბანო ციხის შიგნითაა, უმეტესობა − მის გარეთ“. იმ დროს 30-50 აბანო ყოფილა, ზოგი მოქმედი და ზოგიც სათადარიგოდ დახურული. „ქალაქის მცხოვრებნი უმეტესად სომეხი და ქართველი ქრისტიანები არიან, ცოტა − მუსლიმანებიც. ქალაქში და მის სანახებში ბევრია ქრისტიანების ეკლესიები და სალოცავები (უმთავრესად ძველები)“.

პუბლ.: ისქანდერ მუნშის ცნობები საქართეელოს შესახებ. სპარსული ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლითურთ გამოსცა ვლ. ფუთურიძემ, თბ., 1969.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9