მა მე მი მო მუ მხ
მოვ

მოვსეს კალანკატვაცი

სომეხი მემატიანე, „ალვანთა ქვეყნის ისტორიის“ ავტორი. ამ თხზულებაში დაცულია საკმაოდ ვრცელი და საყურადღებო ცნობები VII ს. 20-იანი წლების თბილისზე ანუ ბიზანტიელებისა და ხაზარების ერთობლივ ბრძოლაზე თბილისის დასაუფლებლად. ახლო აღმოსავლეთში განვითარებული პოლიტ. მოვლენების ფონზე ბრძოლის სიმწვავემ ტრაგიკულ შედეგებამდე მიიყვანა ქალაქის მოსახლეობა. თავდაპირველად თბილისელები სპარსელთა დამხმარე ათასკაციან რაზმთან ერთად წარმატებით იცავდნენ თავს და დიდი ზარალიც მიაყენეს მტერს, რის გამოც ბიზანტიელებმა და ხაზარებმა თბილისის ციხეს ალყა მოხსნეს. ამით გათამამებულმა ციხის მცველებმა გოგრაზე ხაზართა მბრძანებლის სახე გამოხატეს, ციხის გალავანზე დადეს და ისრებით დაუწყეს ჩხვლეტა, თან უკანდახეულ ლაშქარს მისძახოდნენ: აი, თქვენი მეფე კეისარი, დაბრუნდით, თაყვანი ეცით, ეს ჯიბღუ ხაკანიაო. მალე, ირანელთა დამარცხების შემდეგ, მომხდურებმა 628 ისევ განაახლეს ბრძოლა თბილისისათვის. ამჯერად ციხის დაცვა ვეღარ მოხერხდა. მ. კ.-ის გადმოცემით, ქალაქის საბოლოო დამორჩილების შემდეგ დაიწყო ძარცვა და რბევა, წარმოუდგენელი სისასტიკით გაუსწორდნენ ქალაქის მცხოვრებლებს. არავის ინდობდნენ, ხოცავდნენ ასაკისა და სქესის განურჩევლად. განძით სავსე ყუთები მოჰქონდათ და თავისი მბრძანებლის ფერხთით ახვავებდნენ. გამანადგურებელი შემოსევების მიუხედავად, მ. კ. თბილისს „ნატიფ, სავაჭრო, სახელგანთქმულ დიდ ქალაქს“ უწოდებს. გ. მაისურაძე.
Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9