არაბი ისტორიკოსი (1186-1257). მას ეკუთვნის თხზულება „ეპოქის სარკე გამოჩენილ პირთა ისტორიის მიხედვით“. ამ თხზულებაში, სხვა საყურადღებო ცნობებთან ერთად, შემონახულია ვრცელი თხრობა დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის განთავისუფლების შესახებ. ავტორი დავით აღმაშენებლის შესახებ წერს: „დავითი მუსლიმანთა საუფლო დღეს, პარასკეობით ზოგჯერ თვითონ და ზოგჯერ შვილებითურთ მაჰმადიანთა მთავარ სამლოცველოში −ჯამეში შედიოდა, ლოცვას, ყურანის კითხვასა და ქადაგებას ისმენდა და მათ სამღვდელოებას მრავალ ოქროს უწყალობებდა ხოლმე. მას [დავითს] სუფიებისა და პოეტებისთვისაც აუგია თავშესაფარი, ხშირად ქონებრივადაც დახმარება გაუწევია და სადღესასწაულო მეჯლისებიც გაუმართავს“.
ლიტ.: ცქიტიშვილი ო., სიბტ იბნ ალ-ჯაუზის ცნობა დავით აღმაშენებლის შესახებ, „თსუ შრომები“, ტ. 118 − აღმოსავლეთმცოდნეობის სერია, თბ., 1967, გვ. 204-205. ო. ცქიტიშვილი.