უი უო უხ
უორ

უორდროპი (Wardrop) ჯონ ოლივერ

ინგლისელი დიპლომატი, მთარგმნელი, ქართული კულტურის მოამაგე (1864-1948). 1887 მან საქართველოში იმოგზაურა, 1888 კი ლონდონში გამოსცა წიგნი პოეტური სათაურით „საქართველოს სამეფო, მოგზაურობა ბანოვანთა, ღვინისა და სიმღერის ქვეყანაში“, სადაც ერთ-ერთი ცენტრ. ადგილი უკავია თბილისის აღწერას. უ. მოხიბლულია თბილისით, ამბობს, რომ თბილისი მისი მდებარეობით, გარემოთი, ქუჩების სხვადასხვანაირი ნირით, სოც. ცხოვრების უბრალოებითა და სიხალისით სრულიად უნიკალურ ზემოქმედებას ახდენს უცხოელზე. ყველაზე ფეშენებელური რაიონი სოლოლაკია, ერევანსკის მოედანი საქმიანობის უდიდესი ცენტრია, − აღნიშნავს უ. და აღწერს ამ რაიონებში განლაგებულ შენობებს, ქარვასლებს, თეატრებს. საუკეთესო ქუჩად გოლოვნის პროსპექტს მიიჩნევს და ამბობს, რამდენიმე წელიწადში ერთ-ერთი უმშვენიერესი ქუჩა იქნება მსოფლიოშიო. ქალაქის ცალკეული უბნები და ძეგლები უ-ს ევროპის ქალაქების კოლორიტს აგონებს: სახლების უმრავალესობას აქვს აივნები, რომლებიც პირდაპირ მდინარეზეა გადაკიდებული და ძალაუნებურად გაგონებს ტიბრის ნაპირებს რომში. მთაწმინდის − წმ. დავითის ულამაზესი თეთრი ტაძარი ისეთივე ძეგლად ითვლება თბილისისათვის, როგორც აკროპოლისი თანამედროვე ათენისათვის. უ. აღტაცებული იგონებს მთაწმინდის პლატოზე გატარებულ დროს, აქედან გადაშლილ დიდებულ ხედს − შენს ფეხთაა მთელი ქალაქი ფორმისა და ფერის თავისი გასაოცარი კონტრასტებითო.

უ. სითბოთი საუბრობს სტუმართმოყვარე ქართ. ოჯახებზე. მათ საქმიანობაზე. უ-ის თქმით, თბილისში საუკეთესო სასტუმროებია „კავკაზი“, „რასია“, „ლონდონი“, მაგრამ ყველაზე უკეთესი საშუალება ქართ. ოჯახში მოწყობაა, თუმცა კარგი რეკომენდაციის გარეშე ამის გაკეთება საკმაოდ ძნელიაო. ქართველს არაფერი სძულს ისე, როგორც სიძუნწე, მანკიერებაო. უ-ის დაკვირვებით, სათავადაზნაურო ბანკის დაარსებით (1874) ქართ. საზოგადოების მოწინავე ნაწილმა დროის მოთხოვნას აუწყო ფეხი, სხვა რომელიმე საქმიანობას ეს გზა არჩია...

სხვა უცხოელ მოგზაურთა მსგავსად უ-იც აღნიშნავს თბილისის ჭრელ ეთნ. შემადგენლობას. მისი ცნობით, თბილისის მოსახლეობა 105 000 კაცს შეადგენს... იქ ცხოვრობენ არა მხოლოდ ქართველები, არამედ რუსები (სამოქალაქო მოსამსახურეები და ჯარისკაცები), სომხები (ვაჭრები და მევახშეები), სპარსელები, თათრები, ცოტა ევროპელები, სახელდობრ გერმანელები (კოლონისტები შვაბიიდან), ფრანგები (მკერავები, სასტუმროს მეპატრონეები) და სხვ. მოგზაური კარგად ამჩნევს, რომ თბილისში პროფ. საქმიანობა არაიშვიათად განსაზღვრულ ეთნ. კუთვნილებასთან იყო დაკავშირებული, და პირიქით, ეთნიკურობა − პროფესიასთან, რის გამოც, ზოგჯერ, სოც. ურთიერთობანი ეთნ. ურთიერთობის შეფერილობას იღებდა. უ-ის განსაკუთრებულად აღნიშნავს მევახშეობას და წერს, რომ გულღია, პატიოსანი ქართველი ხშირად ხდება ამ მხრივ დახელოვნებული სომხის მსხვერპლიო.

თბილისური ყოფის მიმზიდველ სანახაობად აღიქვამს უ.. თბილისურ აბანოებსა და მის მთავარ პერსონაჟს − მექისეს: „დამოკიდებულება, რომელსაც სტუმარი კონსტანტინოპოლის თურქულ აბანოში ხვდება, არ შეიძლება შევადაროთ იმას, რასაც თბილისში სპარსელი მექისე ასრულებს. ეს უკანასკნელი შენთან ერთად ატარებს გიმნასტიკის მთელ კურსს, რომლის დროსაც დახტის შენს გულ-მკერდზე, წელზე, გგრიხავს და ისე გატრიალებს თითქოს შესაწვავი ქათამი იყო“. თბილისური აბანოების უორდროპისეული აღწერილობა ღირსეულ კონკურენციას უწევს პუშკინის ცნობილ მსგავს აღწერილობას. უ-ის აზრით, თავის არსებობას თბილისი სწორედ ამ წყაროებს უნდა უმადლოდეს, რ-თაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში. უ-ის გადმოცემით, წინათ არისტოკრატი ქალბატონები მთელი დღით ქირაობდნენ აბანოებს, იტარებდნენ ტუალეტის ათასგვარ ცერემონიალს და აქვე სადილობდნენ, მაგრამ ევრ. ცხოვრების წესის მომძლავრებამ ეს წეს-ჩვეულება საგრძნობლად შეასუსტა.

თბილისი ისეთი ქალაქია, სადაც ადამიანმა შეიძლება იცხოვროს ისე, რომ სევდა არ ტანჯავდეს... − დაასკვნის ინგლისელი მოგზაური.

თხზ.: საქართველოს სამეფო, თარგმნა მ. ურუშაძემ, თბ., 2001.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9