აბ ალ ან ას
ალ- ალი

ალ-ფარიკი

არაბი ისტორიკოსი (1116-81 შემდეგ). 1153 ჩამოვიდა თბილისში და დემეტრე I-ის (1125-56) სამსახურში ჩადგა, იყო მეფის მდივანი. მასთან ერთად მოიარა მთელი საქართველო. მის თხზულებას „მაიაფარიკინის ისტორია“ პირველხარისხოვანი წყაროს მნიშვნელობა აქვს XII ს. საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის. ფ-მა აღწერა XI ს. ბოლოს და XII ს. I ნახ. თბილისი. მას ზუსტი ინფორმაცია ჰქონია დავით აღმაშენებლის დროინდელი თბილისის პოლიტ. მდგომარეობის, დიდგორის ომის (მას უნახავს დიდგორის ბრძოლის ველი) და თბილისის განთავისუფლების შესახებ. მისი ცნობით, XII ს. 10-იანი წწ. დამლევს დავით აღმაშენებელმა თბილისს ხარკის სახით დააკისრა 10.000 დინარი, ხოლო როცა თბილისი საბოლოოდ შეიერთა, ქალაქის მოსახლეობაზე დააწესა გადასახადები ასეთი ოდენობით: ქართველებს უნდა გადაეხადათ წელიწადში − 5, ებრაელებს − 4, მუსლიმანებს კი − 3 დინარი. ავტორს შემონახული აქვს ცნობები იმ წესებისა და კანონების შესახებ, რ-ებიც დავითმა მუსლიმანებისათვის შემოიღო და მაშინაც ძალაში ყოფილა.

ფ. მოგვითხრობს, რომ მოსულის ვეზირმა, ცნობილმა ქველმოქმედმა ჯემალ ალ-დინ ისფაჰანელმა შესთავაზა დემეტრე I-ს თბილისში მუსლიმანი სნეულებისა და უილაჯოებისათვის საავადმყოფოს (ბიმარისთანი) აგება, მაგრამ მეფეს არ მიუღია ეს შეთავაზება და თვითონ შესდგომია საქმეს, მაგრამ გარდაიცვალა და ეს განზრახვა განუხორციელებელი დარჩა.

ლიტ.: სიხარულიძე ე., ალ-ფარიკი საქართველოში, კრ.: სემიტოლოგიური ძიებანი, II, თბ., 1985, გე. 83-90. ე. სიbარულიძე.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9