შა შე შნ
შარ

შარდენი (Chardin) ჟან

ფრანგი მოგზაური, იუველირი (1643-1713). 1671-79 იმოგზაურა აღმოსავლეთის ქვეყნებში. 1672 წ. სექტემბრიდან 1673 წ. 28 თებერვლამდე იყო თბილისში. მან მოიარა დას. და აღმ. საქართველო და თავის „მოგზაურობაში“ ვრცლად აღწერა საკუთარი თვალით ნანახი უამრავი ფაქტი თუ მოვლენა. შ-ის ცნობით. თბილისი ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, თუმცა ძალიან დიდი არ არის, მას დარ ელ-მელუქს ანუ მეფეთა ქალაქსაც უწოდებენო. მისი სიტყვებით, ქალაქი გაშენებულია მთის ძირში, რ-საც აღმ-იდან მდინარე მტკვარი ჩამოუდის“. ქალაქი, გარდა მდინარის მხარისა, საუცხოო და მაგარი კედლითაა შემოზღუდული, კედელი სამხრ-იდან ჩრდ-კენ არის გადაჭიმული, რ-ზედაც სამხრ-იდან მთის ფერდობზე დიდი ციხე დგას. თბილისში რამდენიმე ლამაზი საკრებულო შენობაა, ბაზრები, ე. ი. სავაჭრო ადგილები, დიდი, ქვით ნაშენი და კარგად მოვლილი. ასეთივეა ქარვასლებიც-უცხოელების საცხოვრებელი ადგილები. ქალაქში აბანო ცოტაა, რადგანაც ყველა ციხეში არსებულ ცხელი წყლის აბანოებში დადის... თბილისის გარეუბნებს მრავალი სალაღობო სახლი და საუცხოო ბაღი ამშვენებს. ყველაზე უფრო დიდია მთავრის ბაღი. ხეხილი აქ ნაკლებად არის, მაგრამ, სამაგიეროდ, უმშვენიერესი, ჩრდილისა და სიგრილის მფენი ხეები აურაცხელია. მთავრის სასახლე, უდავოდ, თბილისის ერთ-ერთი მშვენებაა. მას აქვს დიდი დარბაზები, რ-ებიც მდინარესა და სასახლის უზარმაზარ ბაღებს გადასცქერიან. თბილისი მჭიდროდ არის დასახლებული. მსოფლიოს არც ერთ კუთხეში არ მოიძებნება იმდენი სხვადასხვა ჯურის უცხოელი, როგორც აქ; ისინი დიდ ვაჭრობას ეწევიანო; კარი პროვინციის დედაქალაქს რომ შეეფერება, ისეთი მრავალრიცხოვანი და ბრწყინვალეა; აქ მუდამ არის მრავალი დიდგვაროვანი დიდებული.

შ. მიუწვევიათ თბილისში ვახტანგ V-ის სასახლის კარზე გამართულ ნადიმზე. მას განსაკუთრებული ყურადღება მიუქცევია ძვირფასი ლითონების ნაკეთობებზე. „მთელი დარბაზი ორმოცი დიდი ჩირაღდნით იყო განათებული, ოთხი მათგანი, რომელიც მთავართან (ე. ი. მეფესთან) ახლოს იდგა, ოქროსი იყო, დანარჩენი კი ვერცხლისა“; მას სუფრაზე აღურიცხავს ვერცხლის დიდი ლანგრები, დაახლოებით ასოცი ფიალა, ათასი ხელადა და ყანწი, სამოცი სურა და თორმეტი აზარფეშა, ამასთანავე, აზარფეშა ვერცხლისა, ოქროს სურები სადა ან მომინანქრებული ყოფილა, თასები და ხელადები ზოგი ოქროთი იყო დაფერილი, ზოგიც ოქროთივე მოხატული, ზოგსაც ძვირფასი ქვები და ვერცხლის მოჭედილობა ამშვენებდაო.

შ-ს საინტერესო დაკვირვებები აქვს ქართ. სუფრის თაობაზე. იგი განცვიფრებული დარჩენილა ქართ. სუფრისათვის დამახასიათებელი წესრიგით და მომსახურებით: „კერძები საოცარი წესრიგითა და უხმაუროდ შემოჰქონდათ. ყველა უხმოდ ასრულებდა თავის საქმეს. ერთ მაგიდაზე მსხდომი სამი ევროპელი უფრო მეტს ხმაურობს, ვიდრე ამ ნადიმზე მყოფი ას ორმოცდაათი კაცი“.

შ. ამბობს, რომ თბილისში არის თოთხმეტამდე ეკლესია. ეს უდავოდ ბევრია ისეთი ქვეყნისათვის, სადაც ღვთისმოშიშობა ესოდენ დაკნინებულიაო. თბილისში არც ერთი მეჩეთი არ არის. სპარსელები არაფერს იშურებდნენ, რომ აქ მეჩეთი აეშენებინათ, მაგრამ... ხალხი, მაშინვე აღდგებოდა იარაღით ხელში, ანგრევდა ნაგებობას და სასტიკად უსწორდებოდა მშენებლებსო. ყოველივე ეს სპარსელებს ხელს უშლის უკიდურესი ზომები მიიღონ და თბილის ქალაქსა და მთელ საქართველოს სრულ ნებას აძლევენ შეინარჩუნონ თავიანთი რელიგიის ყველა გარეგნული ნიშანი. ყველა ეკლესიის სამრეკლოს ზემოთ გაკეთებული აქვს ჯვრები და მრავალრიცხოვანი ზარები, რ-ებსაც რეკავენო. შ-ს თან ახლდა მხატვარი გრელო, რ-საც ეკუთვნის თბილისის პირველი გრაფ. ჩანახატები.

პუბლ.: ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში (ცნობები საქართველოს შესახებ), ფრანგ. თარგმანი გამოკვლევა და კომენტარები მ. მგალობლიშვილისა, თბ., 1975.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9