გა გი გრ
გაგ გამ

გამბა (Gamba) ჟაკ ფრანსუა

ფრანგი მოგზაური და ვაჭარი (1763-1833). საფრანგეთის კონსული თბილისში 1820-24. თავის 2-ტომიან ნაშრომში აქვს თბილისის აღწერილობა. გ. წერს“ „კირუსი ანუ მტკვარი თბილისს ორ ნაწილად ჰყოფს. მარჯვენა ნაპირზე ძველი ქალაქი, გოგირდოვანი აბანოები და ახალი ქალაქია გაშენებული; მარცხენაზე კი − ავლაბრისა და ისნის გარეუბნები და გერმანელებით დასახლებული სოფელია. მათი დამაკავშირებელი ხიდი ნგრევის პირას იყო მისული. მაგრამ ამ სამი წლის წინ აქ ერთთაღიანი ხის ხიდი აუგიათ აგურის ვეებერთელა ბურჯებზე და იგი ისე მყარადაა ნაგები, რომ მდინარის სწრაფი დინება ვერაფერს დააკლებს... აქლემებისა და ცხენების განუწყვეტელი შემოსვლა ქალაქში და მათი აქედან გასვლა... სხვადასხვა შორეულ ქვეყნებიდან შემოსული საქონლის ტრანსპორტი − ყოველივე ეს განსაკუთრებულ იერს აძლევს და სიცოცხლით ავსებს ამ თავისებურ სასტუმროებს (ქარვასლებს), სადაც ესოდენ განსხვავებული ენებისა და ქვეყნების ვაჭრები, თითქოს ერთ რაღაც თემში გაერთიანებულნი ცხოვრობენ... სამივე ქარვასლა შუა ბაზარშია განლაგებული. ბაზარი მრავალ ქუჩად და მოედნად იყოფა და მუდამ სავსეა მოსეირნეებით. მანუფაქტურული მრეწველობის თითოეულ დარგს ბაზარში ცალკე უბანი აქვს მიჩენილი... 1820 წელს თბილისში ითვლებოდა დაახლოებით 24 ათასი მცხოვრები. 1825 წელს მის მოსახლეობას, სულ ცოტა, 33 ათას სულს ანგარიშობდნენ“... გ. აღწერს თბილისის ფართო საგარეო-სავაჭრო კავშირებს სხვა ქვეყნებთან: „ეს ქალაქი ევროპასა და აზიას შორის საკვანძო ადგილად შეიძლება ჩაითვალოს“. გ. გვერდს ვერ უვლის თბილისურ აბანოებს: „გოგირდოვანი აბანოები, ჩვეულებრივ, თბილისში კარგად არის მოწყობილი და ძალიან ბევრია; ისინი კერძო პირებს ეკუთვნით... აქ ხშირად დადის როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე უცხოელები. უფრო ხშირად კი აბანოებში ქალები დადიან. ზოგ-ზოგნი აქ ნახევარ დღეს ატარებენ და საჭმელსაც აქვე მიირთმევენ...“

გ-ს აქვს ცნობები გერმანელების შესახებ, რომლებიც მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარე გარეუბნის სოფელში ცხოვრობდნენ და ქალაქს ამარაგებდნენ მწვანილით, კარაქით, ღორის ხორცითა და შაშხით, „მათ უნდა უმადლოდეს საქართველო კარტოფილის გაშენებასო“. გ-ს აქვს ჩანახატები, მ. შ. თბილისელი მოცეკვავე ქართველი ქალებისა.

თხზ.: მოგზაურობაწ... თარგმანი და კომენტარი მ. მგალობლიშვილისა, თბ., 1987.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9