გა გი გრ
გიუ

გიულდენშტედტი (Güldenstaedt) იოჰან ანტონ

გერმანელი მეცნიერი, მოგზაური (1746-81). პეტერბ. საიმპერატორო აკადემიის წევრი (1771). მიიწვიეს პეტერბ. მეცნ. აკადემიის მიერ კავკასიასა და საქართველოში მოწყობილ სამეცნ. ექსპედიციაში (1768-74) მონაწილეობის მისაღებად. გ. საქართველოში იმყოფებოდა 1771-72 წლებში. მოიარა ქართლ-კახეთი, იმერეთი, რაჭა. დღიურებსა და მოხსენებით ბარათებში გ. დაწვრილებით ეხება ქვეყნის ცხოვრების არაერთ მხარეს. მისი ცნობები და კარტოგრაფიული მონაცემები იძლევა უმდიდრეს საისტ., გეოგრ., საბუნებისმეტყველო, ეთნოგრ., გეოლ., ლინგვისტურ მასალას XVIII ს. II ნახევრის საქართველოს შესასწავლად. გ-ის ნაშრომში „მოგზაურობა რუსეთსა და კავკასიის მთიანეთში“ უხვადაა ცნობები თბილისის შესახებაც: „თბილისი არის სპარსული და ევროპული სახის დედაქალაქი და რეზიდენცია ქართლის მეფისა; მას ქართველები უწოდებენ თბoლის ქალაქს... რადგან მის ახლოს ქვემოთ არის თბილი „წყაროები და მათთან აბანოები“. იგი შეადგენს თითქმის ბლაგვ სამკუთხედს და, გარდა ერთი ადგილისა მტკვართან, შემორტყმულია აგურის კედლით; ამასთან აღმოსაველეთის კუთხეში არის პატარა ციხე ნარიყალა, ხოლო დასავლეთისაში − სიმაგრე შარდახტი. ქალაქის კედელი მათ შორის არის 600 საჟენის სიგრძისა და მთელი ქალაქის გარშემო შეადგენს დაახლოებით 3 რუსულ ვერსს ან 1500 საჟენს... ქალაქის აღმოსავლეთის ნაწილთან მტკვრის ხიდით შევდივართ მეტეხის პატარა ციხეში... აბანოების ქვემოთ არის წინაქალაქი, გარეთუბანი, ან უფრო უკეთ ძველი თბილისი“. გ. ასახელებს აგრეთვე ქალაქის გარეთუბანს დიღმის მხრიდანაც: „ქვედა გარეთუბნის გარშემო 5 ვერსზე ბაღ-ვენახები და ყანებია“. ქალაქში შემავალ კართაგან დასახელებულია განჯისა და აბანოსკარი. თბილისის მოსახლეობა ამ 3 ვერსის კედლის ფართობში შეადგენს 20000 სულს. ქალაქის ქუჩები დაახლოებით 1 საჟენი სიგანისაა, შესახვევები − კიდევ უფრო ვიწრო. არ არსებობს სანიაღვრეები. სახლები ერთსართულიანია, ნაგები აგურითა და ფილაქნებით, თიხანარევი კირით. სახურავები სწორია და თიხით დაფენილი; ოთახებს აქვთ ბუხარი, ხოლო ფანჯრებზე, შუშის მაგიერ, გაქონილი ქაღალდებია გაკრული. ყველაფერი არის მსუბუქი, ცუდი, მკვრივი (ტლანქი) და ძალიან შეუხედავად ნაშენი“. ასეთია თბილისის მდაბიოთა სახლების მდგომარეობა, სასახლე-დარბაზთა აღწერას გ. არ იძლევა. გ. აღნიშნავს მოსახლეობის დიდ სივიწროვეს და სასაფლაოების სიხშირეს. ქალაქში ცხოვრობენ ქართველები, სომხები, თათრები, რ-თაც აქვთ თავიანთი ეკლესიები და სალოცავები. გ. ჩამოთვლის ქართველთა 15 ეკლესიას, სომეხთა 20-ს (ამათგან 8 გარეუბანში), კათოლიკე სომეხთა 1 ეკლესიას და ერთ სომხურ მონასტერს, ასევე 3 თათრულ მეჩეთს. „ქალაქის მოსახლეობა ცხოვრობს უმთავრესად თავისი ვენახებითა და ნარგავებით, განსაკუთრებით ბამბის კულტურით. ბევრი არიან ვაჭრები, ანუ უფრო უკეთ წვრილი მედუქნეები...“ აქაურ ბაზარზე ტრიალებდა ფარჩა, მაუდი, შალეული, აბრეშუმისა და ბამბის ქსოვილები, ტყავეული, ბეწვეული, რკინა, სპილენძი, შაბი, თამბაქო, თევზი, ბრინჯი, ყოველგვარი სურსათ-სანოვაგე, აგრეთვე ხე-ტყის მასალა. გ. ასახელებს მიმოქცევაში მყოფ ფულს, როგორც ქართულს, ისე უცხოურს. ქალაქში არიან სხვადასხვა ხელოსნებ: მეტყავეები, მღებავები, მქსოველები, მჭედლები და სხვ.“ გარდა წვრილი სახელოსნოებისა, იყო მსხვილი სამეფო სარეწაოები, ე. წ. ქარხნები − მარილის სახდელი ქ-ნა, თოფისწამლის ფ-კა, ზარაფხანა, მინის სარეწაო, სამღებროები, საპნის ქ-ნა, სტამბა და სხვა. გ. ეხება აბანოებს და ამბობს, რომ მას მოსახლეობა იყენებს სარეცხის გასარეცხად და ტანის დასაბანად, ხოლო ამ წყლის სამკურნ. დანიშნულებით ხმარება პირველად მან შემოიტანა. გ. აგვიწერს ასევე თბილისისა და მისი შემოგარენის ფლორას და ფაუნას. გ. ახლოს იყო სამეფო კართან და ამდენად გვაწვდის ცნობებს კარის მოხელეთა თუ მასთან დაახლოებულ პირთა შესახებ, რომ არაფერი ვთქვათ ერეკლეს ოჯახზე (მეუღლე დარეჯანი და 14 შვილი).

გ-მა ვახუშტის რუკებზე დაყრდნობით შეადგინა კავკასიის რუკა („Mappa fundamentalis partem Caucasi“), რ-საც დიდი მნიშვნელობა ენიჭება XVIII ს. II ნახ. საქართველო-კავკასიის ისტ.-გეოგრ. თვალსაზრისით შესწავლაში. რუკაზე დატანილია 530-ზე მეტი ტოპონიმი, რ-თა უმეტესობა საქართველოს ტერიტორიისაა, მ. შ. მდინარეები: მტკვარი (მიწერილია კურაც), ვერისხევი; თბილისი და მისი შემოგარენი: დიდუბე, დიღომი, თელეთი, კოჯორი, კუმისი, მარტყოფი, მცხეთა, ნავთლუღი, ნორიო, საგურამო, სოღანლუღი, შინდისი, წალასყური.

თხზ.: გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გ. გელაშვილის გამოც., ტ. 1-2, თბ., 1962-64.

ლიტ.: გამრეკელი ვ., საქართველოს 1772 წლის რუკა, თბ., 1964.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9