დე დი დუ
დიო დიუ

დიონიჯო კარლი და პიაჩენცა (Dionijio Carli da Piacenza)

იტალიელი კათოლიკე მისიონერი კაპუცინების ორდენისა. 1681 ჩამოვიდა თბილისში და ექვს თვეს დარჩა აქ. შემდეგ წინამძღვრად იყო გორის კათოლიკეთა ჰოსპიტალში. მისი რელაციონი (დაიბეჭდა 1687) მრავალმხრივ საყურადღებო წყაროა XVII ს. უკანასკნელი მეოთხედის ქართლისა და კახეთის საზ.-პოლიტ. ცხოვრების შესასწავლად. მასში საკმაოდ ვრცლადაა აღწერილი თბილისის და საერთოდ ქართველთა ყოფა (ჩაცმა-დახურვა, ქორწილი, გლოვის წესი, ყაბახი, ჩოგანბურთი და სხვ.). „თბილისი მთის ორ ქედს შორის მდებარეობს. ქალაქის მთავარი ნაწილი დაბლობზეა, დანარჩენი კი ზევით, მთის კალთაზეა (გაშენებული). მას სამი მხრივ გალავანი აქვს შემოვლებული, მეოთხე მხარეზე კი მდინარე მტკვარი ჩამოუდის. სამხრეთით აღმართულია ციხე, რომელშიაც სპარსელთა მეციხოვნე ჯარი დგას... მდინარეზე გადასასვლელად საჭიროა ციხის კარის გავლა, რომლის მახლობლად იმ ადგილას, სადაც მდინარე ვიწროვდება, ხის ხიდია გადებული. ხიდს გაღმაც ციხე-ქალაქია, ოღონდ ქალაქთან შედარებით ის საკმაოდ მაღალ ადგილზეა... ქალაქის ყველაზე ლამაზი ადგილი ბაზარია. სურსათ-სანოვაგე აქ ძალიან იაფია... იგი წერს: ქართველები ფრანგებისადმი დიდი თანაგრძნობით არიან განწყობილნიო, გიორგი XI-ის შესახებ კი აღნიშნავს: მეფემ ვენის გამარჯვება რომ გაიგო, იტალიური ენის შესწავლას შეუდგაო. დ. კ. დ. პ-ს ცნობით, 1681 წლისათვის თბილისის „მოსახლეობა 12000 სულს აღწევს. შესაძლებელია ამაზე მეტიც იყო“. მისივე ცნობით, თბილისის დაქვეითება XVII ს. 70-იანი წლების ბოლოდან დაიწყო, „ეს ქვეყანა ახლა (სატრანზიტო) გზის გარეთაა დარჩენილი. თავის დროზე კი ამ (ქვეყნის) გზით მიდიოდნენ უცხოელები (და) ქარავნები“.

თხზ.: თბილისის აღწერა. იტალიური ტექსტი თარგმნა და შენიშვნები დაურთო ბ. გიორგაძემ, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1951, ნაკვ. 29.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9