დე დი დუ
დიო დიუ

დიუმა (Dumas) ალექსანდრ (მამა)

ფრანგი მწერალი, საქვეყნოდ ცნობილი სათავგადასავლო და ისტორიული რომანების ავტორი (1802-70). საქართველოში ჩამოვიდა 1858 წ. 23 ნოემბ. და დაყო აქ 1859 წ. 11 იანვრამდე, მოიარა თითქმის მთელი საქართველო. დიდხანს იყო თბილისში. „ქართულ სამოთხეში“. მოვხვდიო, წერდა იგი. მანვე წამოჭრა საფრანგეთში საქართველოს საგანგებო შესწავლის საკითხი. თავისი აღფრთოვანება მწერალმა გამოხატა წიგნში „მოგზაურობის შთაბეჭდილებანი − კავკასია“, რომელშიც განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს თბილისური სურათები, ფრანგი მწერლის თვალით დანახული აქაური ყოფა, ქართველთა სახეები, ადათ-წესები, ზნე-ჩვეულებები. ზედმიწევნითაა დახასიათებული ცალკეული პიროვნებანი. დ. საგანგებოდ აღწერს ქართველთა ჩაცმულობას; აღტაცებულია ე. წ. ქარვასლის თეატრით. „უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, რომ თბილისის სათეატრო დარბაზისთანა თვალწარმტაცი დარბაზი ჩემს სიცოცხლეში არსად მენახა... პირმშვენიერი მანდილოსნები კიდევ უფრო ამშვენებდნენ ამ ლამაზ დარბაზს...“ დ. აღტაცებით მოიხსენიებს სიონის ეკლესიას, რ-იც ერთ-ერთი ელეგანტური ტაძარია მთელს რუსეთშიო. აღფრთოვანებული დარჩენილა გოგირდის აბანოებითაც. წიგნში მწერალი საკმაოდ ვრცლად აღწერს ქართული სუფრის თავისებურებასა და სილამაზეს; დაწვრილებით ყვება ჟურნ. „ცისკრის“ რედაქციაში მისი მიწვევისა და შემდეგ საგანგებოდ მოწყობილი ვახშმის ამბავს, სადაც მრავალი გამოჩენილი ქართველი მოღვაწე გაუცნია. აქვე იუმორით დასძენს, რომ მას, რ-საც წყლის მეტი არასოდეს არაფერი დაულევია, საქართველოს პირველი მსმელები დაუმარცხებია. დ-ს მრავალი ქართული სიტყვა უსწავლია და წიგნშიც ჩაურთავს.

თხზ.: კავკასია, თარგმანი ფრანგულიდან თინათინ ქიქოძისა, თბ., 1964.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9