ევ ეს
ევლ

ევლია ჩელები

თურქი მოგზაური, გეოგრაფი და ისტორიკოსი (1611-82 ან 83). ეკუთვნის ათტომიანი „მოგზაურობის წიგნი“. ქართულად თარგმნილია ნაშრომის II ტომი, რ-შიც მოცემულია ცნობები საქართველოს შესახებ. ე. ჩ. 1646-47 თბილისში ყოფილა. როგორც ავტორი ამბობს, თბილისი „ძალიან კეთილმოწყობილი და გაშენებული“ ქალაქია, ის აღწერს თბილისის ღირსშესანიშნაობებს, მ. შ. დიდ ციხეს − კალას − და მცირე ციხეს − მეტეხს. დიდი ციხის „გარშემოწერილობა ექვსი ათასი ნაბიჯია, მაგრამ ძველი ნაშენია. კედლის სიმაღლე სამოცი წყრთაა, სამოცდაათი ბურჯი და სამი ათასი ქონგური აქვს. ერთი ხიდიანი კარი აქვს. თხრილი არა აქვს. მდინარე მტკვარს ერთი წყლისთვის განკუთვნილი, ხვრელიანი კოშკი გადაჰყურებს. ალყის დროს იქიდან იკლავენ წყურვილს. გალავნის შიგნით ექვსასი ბანიანი სახლია, ხანის სასახლე ამ ციხეშია; ჯამე, ქარვასლა, აბანო და მცირე ბაზარი აქვს“. პატარა ციხეში „სამასი სახლი და ჯამეა, მაგრამ ბაზარი და სხვა რამ ნაგებობა არაა“. ციხის კოშკებს, ე. ჩ-ის ცნობით, „3000 მეციხოვნე იცავს“. ორივე ციხის გალავანში დაახლოებით 15000 მცხოვრებია სავარაუდებელი. მათგან უმრავლესობას თბილისის მკვიდრი მოსახლეობა შეადგენდა. ე. ჩ-ის სიტყვით, განსაკუთრებით განთქმული ყოფილა მის დროს „თბილისური ბამბა“ და მისი ნაწარმი.

თხზ.: „მოგზაურობის წიგნი“, თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გ. ფუთურიძემ, ნაკვ. I, თბ., 1971.

Source: თბილისი : ენციკლოპედია / საქ. მეცნ. აკადემია ; [სარედ. კოლ.: ავთანდილ საყვარელიძე (მთ. რედ.) და სხვ.]. - თბ. : ქართ. ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახ. მთ. სამეცნ. რედაქცია, 2002. - 1056გვ. ; 26სმ.. - დანართი: პირთა საძიებელი: გვ. 15-16. - ISBN 99928-20-32-2
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9