და დგ დე დვ დი დო დრ დუ დღ
დაბ დაგ დავ დაზ დათ დაი დალ დამ დან დარ დას დატ დაფ დაღ დაშ დაჯ

დაირა

დასარტყამი საკრავი. გავრცელებული იყო საქართველოს ბარში, თუშეთში, სამეგრელოსა და რაჭაში. სხვადასხვა რეგიონში საკრავებს შორის განსხვავება არ არის.
საკრავი წარმოადგენს რკალს, რომელსაც ცალ მხარეს გადაკრული აქვს თხელი მემბრანა (ცხვრის ტყავი). რკალზე შიგნიდან დამაგრებულია საჩხარუნებლები - ეჟვნები, ლითონის რგოლები, პატარა ფირფიტები. რკალი ინკუსტრირებულია სადაფით, თეთრი ან შავი ძვლით. დაკვრის დროს საკრავი შემსრულებელს უჭირავს ორივე ხელით. მემბრანას ეხებიან ცერების გარდა ყველა თითით მემბრანის ცენტრსა და ნაპირებში. ზოგჯერ მაჯასაც იშველიებენ, საკრავს დააქნევენ და აჟღარუნებენ.
დაირა ქალების საკრავად ითვლება, რადგან მასზე შემსრულებლები ქალები იყვნენ. ზოგჯერ მოდაირე ერთდროულად უკრავს და ცეკვავს. შემსრულებლებს დაირა უჭირავს ორივე ხელით. დახელოვნებული შემსრულებელი ახერხებს ხელის დარტყმას, აჟღარუნებას, მაჯის რკალზე მირტყმასა და ჰაერში შეთამაშებასაც.
დაირა არის როგორც სოლო საკრავი, ასევე გამოიყენებენ ანსამბლში ლარჭემთან (სამეგრ.) და ფანდურთან (კახ.) ერთად. მაგრამ აღმოსავლური ანსამბლისათვის კი (დასტა) აუცილებელი თანმხლებია. ქართულ წერილობით წყაროებში ამ საკრავს დაფი ეწოდება. დაირის ფუნქცია არის ცეკვის თანხლება, მისი რიტმის ხაზგასმა.
მ. შ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9