ებ ეგ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეჟ ერ ეტ ეშ ეჩ ეჰ
ერბ ერდ ერე ერქ

ერბო

გადამდნარი კარაქი. კარაქის ერბოდ გადადნობა ხევსურეთში - „კარაქთ დაძირების“, ფშავში - „ერბოს გადადნობის“, ხევში - „კარაქის გადნობის“, თუშეთში - „კარაქის გამოდნობის“, მთიულეთგუდამაყარში - „კარაქის გარჩევის“ სახელით არის ცნობილი. ერბოს მომზადებისას გადღვებილ კარაქს ქვაბში ნელ ცეცხლზე გადაადნობდნენ, გაწურავდნენ და იმავე ქვაბში ჩააბრუნებდნენ. დროდადრო წყალს ან რძეს (რძე „კარაქის ძირისად“ იყო კარგი) ჩაუმატებდნენ და კვლავ ცეცხლზე შემოდგამდნენ. როცა ადუღდებოდა ქერის, სვილის ან სიმინდის ფქვილს ჩაყრიდნენ (4კგ. კარაქზე ერთ მუჭ ფქვილს). ქერის ფქვილი ერბოს კარგად „წურავდა“, სვილისას - ძლიერი, მსუყე ერბო გამოჰყავდა. დაახლოებით ერთი საათის დუღილის შემდეგ კასრებში გადაასხამდნენ. მეორე ხერხით, სითხეს აადუღებდნენ ქაფის დაკარგვამდე. გადმოდგმულსა და შენელებულს მარილს მოაყრიდნენ, წყალს აპკურებდნენ და თან ურევდნენ. ერთ-ორ საათს ქვაბში თავდახურულს ამყოფებდნენ. როცა ერბო „დაიწკრინტებოდა“ (მთიულეთი) და კარაქის ლექი ქვაბის ფსკერზე დაილექებოდა, საერბოე კასრში გადაწურავდნენ. როგორც წესი „ერბო ზეთს მაიდგამს“ და იმას „წურულ ერბო ჰქვიან“ (ხევსურეთი). მოზრდილი ადამიანისთვის წლიურად ფუთნახევარ ერბოს ანგარიშობდნენ. ერბო გამოიყენებოდა ყველა სახის ხინკლის (გარდა ხორციანისა) ამოსაწებად, კერძებში - ჩასახრაკ-ჩასაშუშად, ქადისკვერების ამოსავლებად, ხავიწის დასამზადებლად, სტუმრებთან ჯამით სუფრაზე ჩასადგმელად და სხვა. ერბო ფულის მაგივრობას სწევდა და ძირითადად მასზე იცვლებოდა ხევსურთათვის საჭირო საქონელი. საქართველოს მთიანეთში ერბოს გამოიყენებდნენ სარიტუალო მიზნებისთვისაც. პირველ შედღვებილ ერბოს ცალკე შეინახავდნენ და იმით დამზადებულ ქადას არყის ზედაშესთან ერთად ხატში მიიტანდნენ ძროხების „შესახვეწად“, ხევისბერი „ჯვარად გასჭრიდა“ ერბოს და დაამწყალობებდა: „წყალობა მოგცეს ამ ხატმაო, რისაც კარზე მახვედ, წყალობა გამოგაყოლოს კაცისაო, საქონლისაცაო. შენ იყოს მწყალობელი და შენი ოჯახისაო“ (ხევს.). ამ ერბოთი დამზადებულ ქადას, აგრეთვე, გაიხმარდნენ დღეობებზე სტუმრის პატივსაცემად.
ლიტ.: ლ. კაიშაური, მთიულეთის დარგობრივი ლექსიკონი, 1967. გ.ჩიტაია, ხევსურული სახლის „სენე“, ანალები, I, 1947.
ნ.ჯ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9