ებ ეგ ევ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეჟ ერ ეტ ეშ ეჩ ეჰ
ეტრ

ეტრატი - ეტრატი

ტყავისაგან დამზადებული საწერი მასალა. საქართველოში X-XI საუკუნემდე სამწიგნობრო ხელოვნებაში გამოყენებულ საწერ მასალას ტყავისაგან ამზადებდნენ. XI საუკუნიდან თანდათანობით ხმარებაში შემოდის ქაღალდი. ეტრატზე შესრულებული უძველესი ქართული ხელნაწერები – პალიმფსესტები V-VIII საუკუნეებით თარიღდება (პალიმფსესტი - ეტრატის ფურცელი, რომელიც ძველი ტექსტის გადაფხეკის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად). ცხოველის (ცხვრი, თხა, ხბო) ტყავისაგან დამზადებულ საწერი მასალას მცირე აზიის ქალაქ პერგამონის მიხედვით პერგამენონი ეწოდა. მისი ქართული შესატყვისია „ეტრატი“. იგი ქართულ წერილობით ძეგლებში X საუკუნიდან დასტურდება. პარალელურად გვხვდება „წიგნი ტყავისაჲ“ (X ს., XI ს.). სულხან-საბა ორბელიანს ეტრატი განმარტებული აქვს, როგორც „ტყავის ქაღალდი, წიგნის ტყავები“. ქართულ ხელნაწერებზე დარული ანდერძ-მინაწერების მიხედვით, ეტარატის დასამზადებლად ბატკნის, თიკნის და ზოგჯერ ირმის ტყავსაც იყენებდნენ. საწერი ეტრატისაგან განსხვავებით, ყდის შესამოსად, ძროხის ან სხვა რომელიმე ცხოველის შედარებით სქელ და უხეშ ტყავს ხმარობდნენ. ტყავს რეცხავდნენ, ამუშავებდნენ ნაცრით, ნაცრისა და კირის ნარევი ან კირიანი წყლით, შემდეგ აცლიდნენ ბეწვის და ხორცის ფენას, ამისთვის გამოიყენებოდა სპეციალური ხელსაწყოები – ვარაჩო და დემური. კვლავ რეცხავდნენ და მიღებულ სუფთა დერმას, ჭიმავდნენ ხის ჩარჩოზე. გაჭიმულ დერმას აშრობდნენ და თან ამუშავებდნენ მრგვალპირიანი დანითა და პემზით ერთგვაროვანი გლუვი ზედაპირის მიღებამდე. ეტრატისაგან დამზადებულ ხელნაწერს ორგვარი ფორმა შეიძლება ჰქონოდა. ერთი მათგანი რვეულებად შეკრული და ყდაში ჩასმული ხელნაწერი წიგნი - ფურცლებად დაჭრილ და დაკეცილ რვეულებს შეიცავდა, ხოლო მეორე – გრაგნილი, ერთი მეორეზე გადაკერებული ან მიწებებული ფურცლების დახვევით ანუ გრაგნვით მიიღებოდა. გრაგნილის შემადგენელ ფურცლებს ,,კეფი’’ ერქვა. დ. გოგაშვილი, ეტრატი - საწერი მასალა და მისი დამზადების წესი, მრავალთავი, XX, თბ., 2003.
ლიტ.: შ. მესხია, საისტორიო ძიებანი ტ.I, 1982.
ე. ნ.
See also: წიგნი
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9