აქ: ქვის ძეგლებზე გამოსახული ვაზი, ქართველთა წარმართული რელიგიისა და ქრისტიანობის ერთი უდიდესი სიმბოლო. ქართველებისათვის, როგორც უძველესი სამიწათმოქმედო ერისათვის, ვაზი ოდითგანვე შეადგენდა თაყვანისცემის სიმბოლოს. ვაზისა და მტევნის გამოხატვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა საყოფაცხოვრებო ხასიათის საგნებზე, მემორიალური კულტურის ძეგლებსა და საეკლესიო არქიტექტურაში.
ვაზისა და მტევნის გამოსახულება გვხვდება როგორც ამოკაწვრის წესით, ასევე მაღალი რელიეფით გამოყვანილი. ზოგჯერ საფლავის ლოდზე გამოსახული მიცვალებული ვაზის ლერწებშია გახვეული. ქრისტიანობამ კიდევ უფრო გააღრმავა ამ მცენარის სიმბოლური ხასიათი, რასაც განაპირობებდა ვაზის სახარებისეული განმარტება: „მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი და მამაჩემი მევენახეა“, „მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ“, „ამით იდიდება მამაჩემი თუ გამოიღებთ უხვ ნაყოფს“ (იოანე: 15;1,2,5,7,8), არა მხოლოდ ქრისტე, არამედ მოკვდავი ადამიანებიც ხშირად გაიგივებული იყვნენ ვაზთან „დანერგულიცა ვართ, ვითარცა ვენახნი საყურძნესსა ქრისტესა, რამეთუ იგი თავად არის ვენახი ჭეშმარიტი“. ქრისტიანებისათვის ვაზის გამოსახულებას უნდა ვუცქერდეთ, როგორც ზიარების სიმბოლურ გამოხატულებას. საფლავის ქვებზე ვაზისა და მტევნის გამოსახულება ნიშნავს ზიარებას ქრისტესთან, იგია მუდმივობის გარანტია და ასახავს მიცვალებულთა კავშირს ცათა სასუფეველთან.
ე. ნ.
მცენარე, რომლის ნაყოფისგან - მტევნისგან აყენებენ ღვინოს. საქართველო მიჩნეულია ვაზის უძველეს სამშობლოდ, რაც დადასტურებულია არქეოლოგიური მასალებით. საქართველოში დაფიქსირებულია 500 მეტი ვაზის ჯიში.
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,