ჩა ჩე ჩი ჩო ჩრ ჩუ ჩქ ჩხ
ჩაბ ჩად ჩათ ჩაი ჩალ ჩამ ჩან ჩარ ჩაფ ჩაქ ჩაღ ჩაჩ ჩაჭ ჩახ

ჩაჩქანი

საომარი თავსაბურავი. ძველ ქართველებს ჩაჩქანისათვის მასალად ხე და ტყავი, ხოლო მოგვიანებით ბრინჯაო, სპილენძი და რკინა. ქართულ საბრძოლო თავსარქმელი ძირითადად ოთხი სახისაა: ჩაჩქანი - ჯამის ფორმის, კვერცხისებური, ფაფანაკის ფორმის და ჩაბალახი - ლიტონი ჯაჭვით ნაქსოვი. ქართულ ჩაჩქანს დაბალი ჯამის (ლამბაქის) ფორმა აქვს, რომელზედაც შემოვლებულია ჩაჩქნის ზარადი (ჯაჭვის ნაქსოვი ბადე). ზარადი შესაძლოა იყოს ფარეშიანი, უფარეშო ან დადუღებული, ის იცავს სახეს, კისერს და შუბლს. გერდებზე ჩამობმული აქვს ტყავის დაწნული თასმა, რომელსაც მეომარი ბრძოლის დროს ყბის ქვეშ ამოიდებდა. არსებობდა ჩაჩქნის მეორე სახესხვაობაც, გრძელ - პირბადიანი, რომელსაც სამზერად მხოლოდ სათვალეები ჰქონდა ამოჭრილი, დანარჩენ პირსახეს ჯაჭვი ფარავდა.
ჩაჩქანის დამზადების ტექნოლოგია უკანასკნელ დრომდე მხოლოდ ხევსურეთმა შემოინახა, მჭედელი ჩაჩქნის ჯამის რკინას გრდემლზე კვერით გაასწორებდა, შემდეგ ხის ფარგლით შემოხაზავდა და თარგის საშუალებით მრგვალ საჩაჩქნეს გამოჭრიდა, რომელსაც რკინის მორგვზე კვერის დარტყმით თანდათან მისცემდა ჯამის ფორმას. ამის შემდეგ ჩაჩქანს გარე წრესთან სახვრეტათი დახვრეტდა, ჯაჭვის სხმულის (ზარადის) ჩასამაგრებლად. ზოგ ჩაჩქანს ზევიდან გადააკრავდნენ ვერცხლის არშიას და შუაში უკეთებდნენ „უსმარს“ (სამსჭვალს).
ჩაჩქნის დახურვა შიშველ თავზე არ იყო გამართლებული, რადგან ასეთ შემთხვევაში, მოწინააღმდეგისაგან მოხვედრილი იარაღი, მებრძოლს სასიკვდილოდ თუ არა, ისე მაინც „დაჟეჟავდა“. ამიტომ საჭირო იყო ჩაჩქნის ქვეშ ნაბდის დაგება. აღმოსავლეთ საქართველოში ჩაჩქნის ნაბდად, თუშურ ქუდსაც ხმარობდნენ. ქართულ ხალხურ პოეზიაში ხშირად არის ნახსენები ჩაჩქანი, მაგ.: „ელვა დგას ჩაჩქნებისაო“, ან „საჩქაროდ გადაიხურა ჩაჩქანი ზარადიანი“. ტერმინი „ჩაჩქანი“ ქართული უნდა იყოს, ვინაიდან ზმნა „ჩეჩქვასთან“ არის დაკავშირებული. მსოფლიოს თითქმის ყველა კულტურულ ხალხს გააჩნია თავისი საკუთარი ფორმის საბრძოლო თავსაბურავი.
ასეთი დაბალჯამიანი ფორმის ჩაჩქანი ტიპურია საქართველოსათვის და მისი გავრცელების სათავეც აქაა საგულვებელი.
ლიტ.: კ. ჩოლოყაშვილი, ქართული საჭურველი, მ.მ. ტXIX-A, XIX-B. 1957. ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, ტIII-IV 1964.
მ. ქ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9