ზა ზე ზი ზო ზუ ზღ
ზედ ზევ ზეზ ზეთ ზეი ზერ ზეღ ზეწ

ზედაშე

  1. შესაწირავი ღვინო. ყურძნის მოსავლის საუკეთესო ნაწილიდან პირველი ნაწური, რომელიც დაყენებული და შეთქმული იყო სალოცავის სახელზე, რათა სალოცავს კარგი თვალი დაეჭირა შემომწირველზე, ემფარველა და მისი მოსავალი ბარაქიანი და დოვლათიანი ყოფილიყო. საზედაშე ტკბილის ჭურში ჩასხმის დროს სანთელს აანთებდნენ, დაილოცებოდნენ, ღმერთს წყალობას შესთხოვდნენ და მიართმევდნენ ხატს მაშინ, როცა დღეობა მოვიდოდა. საზედაშე ღვინოს მოიწევდნენ როგორც კერძო ვენახებიდან, ასევე ხატის ზვრებიდანაც. სახატო, ანუ სალოცავის მიწებს გლეხები ამუშავებდნენ მორიგეობით. ნაწილს ამ მოსავლისას სალოცავის სახელზე ჩაასხამდნენ, ნაწილს კი თვითონ გამოიყენებდნენ. გავრცელებული იყო ასევე სალოცავის ვენახების კოლექტიური დამუშავება, რომლის დროსაც მოსავალი მთლიანად ეწირებოდა მას და შეწირულ ღვინოსაც ერთობლივად მოიხმარდნენ. არცთუ იშვიათად სალოცავთან არსებობდა მარანი, სადაც ღვინო ჩაისხმებოდა და დღესასწაულზე მოიხმარებოდა. შეწირული ღვინის გასესხება, გაყიდვა ან სხვა დღეებში მოხმარება შეუძლებელი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ხატი გაწყრებოდა და ამის მოქმედთ ზიანს მიაყენებდა.
    საზედაშე ღვინის დაყენების ტრადიცია უეჭველია, რომ წარმართული ეპოქიდან იღებს სათავეს და უეჭველად ღვინის კულტს უკავშირდება. ქრისტიანობამ კიდევ უფრო გააღრმავა ეს ჩვეულება და პრაქტიკულად იგი გამოიხატა სააღაპე ვალდებულებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც გლეხი ვალდებული იყო ეკლესია-მონასტრისათვის სააღაპე შესაწირავთან ერთად მიეტანა ღვინოც. საზედაშე ქვევრების მოვლა-პატრონობასა და სარიტუალო საქმიანობაში მხოლოდ მამაკაცი მონაწილეობდა. ეს ფაქტი აიხსნება იმით, რომ მევენახეობა-მეღვინეობა მხოლოდ მამაკაცის საქმე იყო, მამაკაცია გამძღოლი ამ მეურნეობისა და იგი უდგას სათავეში მევენახეობის კულტურას.
    ლიტ.: ნ. თოფურია, ღვინის ზედაშეები, მსე ტ. XII-XIII, 1963.
    ე. ნ.
  2. ზოგადი სახელწოდება სალოცავის მიწებზე მოწეული ჭირნახულისა, რომლის ყველაზე საუკეთესო ნაწილს სწირავდნენ ხატს, საზედაშე პურეულს ინახავდნენ დღესასწაულის დადგომამდე, შემდეგ დაფქვავდნენ, გამოაცხობდნენ სარიტუალო პურებს და დაიყენებდნენ დღესასწაულს.
    ლიტ.: ნ. თოფურია, ღვინის ზედაშეები, მსე ტ. XII-XIII, 1963.
    ე. ნ.
    Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9