თა თე თვ თი თლ თმ თო თრ თუ თხ
თაბ თაგ თავ თაზ თათ თალ თამ თან თარ თას თაფ თაღ თახ

თავსაბურავი ქალისა

საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში შემონახულია ქალისა და მამაკაცის მრავალფეროვანი თავსაბურავი. ამათგან ყურადღებას იქცევს კომპლექსი „თავხურა“, რომელიც ქართველი ქალის ეროვნული ჩაცმულობის - ქართული კაბის აუცილებელი ელემენტია და თითქმის მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. ამ კომპლექსში შედიოდა ჩიხტიკოპი, თავსაკრავი, ლეჩაქი. ბაღდადი, შუბლის ქინძისთავები და სხვ. ქალის ამ საერთო ქართულ თავსაბურავთან ერთად იყო ადგილობრივი თავსაბურავები: ხილაბანდი, ფშაური ჩიქილა, ხელსახოცი, თავჩითა, ხევსურული სათაურა და მანდილი ასევე თუშური კუჭურა, შუბლსაკრავი, კოპენა, ჩიქილა, აჭარული თეფელუღი და სხვ.
ხ ი ლ ა ბ ა ნ დ ი - ბამბის თეთრი ქსოვილის სამკუთხა თავსაფარია, თავზე წასაკრავი. მასთან ერთად (შეწყვილებულად) იხმარებოდა სხვადასხვა ფერის ქსოვილის ოთხკუთხა მოსახვევი, რომელსაც მოსამყუროებულად, ანუ უბეურად მოკეცილს იხვევდნენ ხილაბანდის ზემოდან.
ლ ე ჩ ა ქ ი - თხელი გამჭვირვალე ქსოვილისაგან (ტიული, მარმაში) დამზადებული სამკუთხა თავსაფარია. კიდეებზე მაქმანი აქვს შემოკერებული. მოქარგული ან დაბასმული (ბასმით ანუ თეთრი წებოთი მოხატული). ეს სახელწოდება გავრცელებულია კავკასიისა და შუა აზიის ხალხებში. ლეჩაქს ძველ ქართულად ჰქვია „ჩიქილა“, „კუბასტი“, „მაკინაკი“, „მაკნანი“.
ჩ ი ხ ტ ი კ ო პ ი - ეს თავსაბურავი ორი ნაწილისაგან შედგება: ჩიხტისა და კოპისაგან. ჩიხტი არის თავზე დასადები მუყაოს ან ხის ბრტყელი რკალი თხემისკენ დაქანებული, რომელზეც გადაკრულია შუბლსაკრავი, ანუ თავსაკრავი. თავსაკრავი ფარჩის ან ხავერდის სხვადასხვა ფერის ქსოვილის ვიწრო ოთხკუთხა ზოლია, მოქარგული ან შემკული შუბლის ქინძისთავით, ზოგჯერ მძივებით. კოპი არის ბოლოებწაწვეტებული, ბამბით გამოტენილი ფერადი ფარჩის ან აბრეშუმის ქსოვილის ნახევარრკალი. მას დებენ ჩიხტის შიგნით, რათა ზედ ქინძისთავებით ლეჩაქი დაამაგრონ.
ბ ა ღ დ ა დ ი - სახიანი ფარჩის ან აბრეშუმის ქსოვილის ოთხკუთხა მანდილია, რომელსაც ჩიხტიკოპისა და ლეჩაქის ზევით იხვევენ.
მ ა ნ დ ი ლ ი - შავი სატინის ან ქიშმირის გრძელტოტებიანი სამყურა მოსახვევია. მას თუშები იმაგრებენ კუჭურას ზევით. კუჭურა მიტკლისგან იკერება. ის ჩიხტისმაგვარია, მაგრამ მიკერებული აქვს თავზე მისამაგრებელი სალტეები. კუჭურა გატენილია ბამბით ან მატყლით და შემოვლებული აქვს ქინძისთავის დასაბნევი გრეხილი. თუშები მანდილის ზევიდან იხვევენ გრძელ, ოთხკუთხა, ორფა შავი ქსოვილის ზოლს. არის ხევსურული მანდილიც. იგი სათაურასთან ერთად იხმარება.
ს ა თ ა უ რ ა - ხევსური ქალის თავსაბურავის ნაწილია. ესაა გასათხოვარი ქალის თავსადები - ნახევარრკალის მოყვანილობის, მაღალი წინდაცერებული და მდიდრულად ნაქარგი. გათხოვილი ხევსური ქალი მას უმატებდა ხევსურულ მანდილს. ეს მანდილი შინნაქსოვი შალისგან - ტოლისაგანაა დამზადებული. ოთხკუთხაა, ცალ მხარეს აქვს ფოჩი, მისი ბოლოები მოქარგულია.
თ ა ვ ჩ ი თ ა - ფშაველი ქალის სამკუთხა თავსაკრავია. მის ზემოდან იხვევენ ქიშმირის ოთხკუთხა და ირგვლივ ფოჩებშემოვლებულ სახიან ხელსახოცს.
ჩ ი ქ ი ლ ა - (ლეჩაქი) ფშაური თავსაბურავის შემადგენელი ნაწილია. იგი აბრეშუმის გრძელი სამყურა თავშალია. შეკერილია ორი ნაჭრისაგან. ზემოდან დაუყვება ფერადი აბრეშუმის ზოლები - სრელები. ირგვლივ შემოკარებული აქვს ფესვი - ფოჩი. ჩიქილის ზემოდან იხვევენ ოთხკუთხა, შუაზე გაკეცილ და რამდენჯერმე გადახვეულ მოსახვევს.
დასავლეთ საქართველოში ტრადიციული თავსაბურავისაგან გამოირჩევა რაჭველი ქალის თავსაბურავი. ის მხოლოდ მთის რაჭის სამ სოფელშია (ღები, ჭიორა, გლოლა) გავრცელებული.ამ თავსაბურავის ნაწილია ჩიქილა - თეთრი მიტკლის სამყურა თავსაფარი, რომელსაც ორი ტოტი მიკერებული აქვს. ჩიქილის შუა ნაწილის ქვედა მხარეს შემოკერებულია აბრეშუმის ძაფის ფოჩებგამობმული ჩიმჩიყი - ბადე. ჩიქილას ზემოდან ეხვევა რამდენჯერმე გადახვეული ოთხკუთხა, ფოჩებშემოვლებული ქსოვილი - თ ა ვ ს ა უ კ ო - ნ ი, ხოლო მეჩხერ თმას აერთებს კოპენების გასაკეთებელი გრძელი ხელსახოცი.
ლ.მ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9