თა თე თვ თი თლ თმ თო თრ თუ თხ
თაბ თაგ თავ თაზ თათ თალ თამ თან თარ თას თაფ თაღ თახ

თამადა, ტოლუმბაში

ქართული სუფრის თავი და წარმმართველი. ფორმით, შინაარსითა და დანიშნულებით ამ ინსტიტუტის გამოკვეთილ პერსონაჟს მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. თამადას ევალება სადღეგრძელოების თქმა და პურობის წესის თანმიმდევრული დაცვა. მასზეა დამოკიდებული ოჯახის, გვარისა და საერთოდ, ესთეტიკურ ღირებულებათა წარმოჩენა, გარდაცვლილთა მოგონება, დამსწრეთა დაფასება და პატივისცემა. თამადა თავად უნდა იყოს ინტელექტუალური, ავტორიტეტული, ღვინის სმისას გამძლე.
ტერმინები „თამადა“ და „ტოლუმბაში“ არაქართულია და მხოლოდ XIX საუკუნეში შემოსულა ჩვენში. სამაგიეროდ არსებობს ამ ინსტიტუტის მოთავის ძველი ქართული სახელწოდებანი: „პურის უფალი“, „წინამძღოლი“, „მზრალი“, „მემზირი“, „მხნის თავი“, „დუდ მახვენჯი“, „ტაბგვა თხვიმი“. ამ სახელწოდებათა ქვეშ მოაზრებული ადამიანები უძველესიდანვე ახორციელებდნენ ყველა სარიტუალო, საოჯახო თუ საზოგადოებრივი სუფრის გაძღოლას და პურ-მარილს აზიარებდნენ მრევლს. სადღეგრძელოების სისტემას ასევე საფუძველს უდებდნენ წინაქრისტიანული კულტის მსახურნი (ხევისბერი, დეკანოზი, ხელოსანი, ქორა მახვში), რომლებიც წარმოთქვამდნენ სადიდებელ ტექსტებს, რაც დროთა განმავლობაში სადღეგრძელოთა ფორმებს აყალიბებდა. ამიტომაა, რომ დღესაც სადღეგრძელოთა დიდი ნაწილი სემანტიკური ნიშნითაა დატვირთული. სადღეგრძელო სიტყვასთან ერთად, სასმლის მიღების სიმბოლურ აზრსაც შეიცავს. სადღეგრძელო ჟანრობრივად მაგიური სიტყვების სპეციფიკური, განვითარებული ფორმაა, რომელიც რელიგიური რიტუალიდან იღებს სათავეს და რომელსაც უძველესი ტრადიცია გააჩნია. ქართული სუფრა თავისი თამადით არაერთი მკვლევარისა და მოგზაურის ყურადღების საგანი გამხდარა. ამ მხრივ, სანიმუშოდ შეიძლება დასახელდეს XVII ს. ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც თბილისში დაესწრო ქართლის მეფისწულის ქორწილს და თავისი თვალით იხილა ქართული სუფრის სისტემური ხასიათი და საკვირველი წესრიგი. შარდენის თქმით, „სუფრაზე სამი ევროპელი ვიყავით და ჩვენ უფრო მეტს ვხმაურობდით, ვიდრე ყველა ის ასორმოცდაათი კაცი, რომელიც სეფაში იყო“. ბუნებრივია დავასკვნათ, რომ წესრიგიანობით გამორჩეული ასეთი თავშეყრა ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაივლიდა „ხელმძღვანელის“, „წინამძღოლის“, „პურის უფლისა“, თუ „მზრალის“ გარეშე. თამადის კულტი დღემდე შემორჩა ქართულ სუფრას და ნებისმიერი ტიპისა და დანიშნულების სუფრა არ ჩაივლის მის გარეშე.
ლიტ.: გ. ბანძელაძე, სადღეგრძელო, 1991. გ. გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა, 2007 .
ე. ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9