ობ ოგ ოდ ოთ ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოყ ოჩ ოწ ოჭ ოხ
ოდი

ოდიშური ნავი

საქართველო უძველესი საზღვაო ქვეყანაა. ნაოსნობაც უძველესი საქმიანობა იყო ქართველებისათვის. ამას ადასტურებენ ძველი ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები, გეოგრაფები, მწერლები (ჰომეროსი, პინდარე, ევრიპიდე, აპოლონიოს როდოსელი, ჰეროდოტე, სტრაბონი, პლუტარქე). ბერძენი მწერალი და მეცნიერი აპოლონიოს როდოსელი თავის „არგონავტიკაში“ - მოგვითხრობს: როცა ბერძნებმა - არგონავტებმა - საქართველოდან ოქროს საწმისი და მეფის ასული მედეა გაიტაცეს, მეფე აიეტმა გამტაცებლებს უზარმაზარი ფლოტი დაადევნა, მისი ბრძანებით, „კოლხებმა მყისვე მოამზადეს ხომალდები, ააფრიალეს აფრები და იმავე დღეს შესცურეს ზღვაში. კაცი იტყოდა, ეს ხომალდთა ლაშქარი კი არა, ფრინველთა ურიცხვი გუნდი არის და ზღვას დაჟრიამულებსო“, ეს ამბავი ეხება ძვ. წ. XIII საუკუნეს.
საქართველოში ნაოსნობას ხელი შეუწყო ქვეყნის გეოგრაფიულმა მდებარეობამ, აგრეთვე ძვირფასი ჯიშის ნავსაშენი ხე-ტყის სიმრავლემ, საუკეთესო ხარისხის სელმა, კანაფმა, ცვილმა და ა.შ. ჩვენს ლიტერატურულ თუ საისტორიო ნაშრომებში უხვადაა შემონახული სხვადასხვა სახის წყალწყვისა და დანიშნულების ხომალდების, მათი ცალკეული ნაწილების, ქარებისა თუ წყლის დინებების, ზღვის მფარველი ღვთაებების ქართული სახელები, ძველი ქართული სანაოსნო ტერმინები, მაგალითად: აფრა (ანუ საბერველი), აფქიო (ანუ აფრა), ბადე, ელესა (მეზღვაურთა სიმღერა). ეღე (ნავის გვერდების ფიცრების შემაკავშირებელი), თეთროსანი (ქართველ მეზღვაურთა წარმართული ღვთაება), კამარა (საბრძოლო ხომალდი), ლარსა (მეთევზეთა მფარველი ღვთაება), მხერვალი (მესაჭე), ნერჩი (ნავის ძირი), ნიში, ანუ ნუშა, ოლეჭკანდერი, ხეჭება (დიდი საბრძოლო ხომალდი) და ა.შ.
სულხან-საბა ორბელიანი „სიტყვის კონაში“ ზუსტად განმარტავს ზოგი ქართული სანაოსნო საშუალების სახეობას. იგი წერს: „ნავი, ეს ზოგადი სახელი არს ყოველთა ნავთა. ხოლო მცირესა ნავსა ეწოდება ნუშა: მისსა უდიდესსა ვარცლი, კოპანო, კარაპა, კარჭაპა, ხუმალდი, კარაფითა, ოჩხომელი, ოლეჭკანდერი და კატარღა. ერთი მეორის უდიდეს-უდიდესნი არიან. ხოლო ხომალდი და დრომონი უდიდეს ყოველთა.“
„ოდიშური ნავი“ გავრცელებულია სამეგრელოში (მეტ-ნაკლებად გურია-იმერეთში). იგი კიჩოჩაწეული და ცხვირაწეული დაცურავს და შორიდან ქართულ ჭვინტიან ქალამანს მოგვაგონებს. სიგრძით 12-15 მეტრია, იტევს დაახლოებით 40-80 ფუთ ტვირთს. ემსახურება 5-7 მენიჩბე (მეხოფური), მართავს მესაჭე (მხერვალი). აქვს სამკუთხა აფრაც. ოდიშური ნავით გადაჰქონდათ შეშა, თივა, გადაჰყავდათ მგზავრები, საქონელი, იყენებდნენ სათევზაოდ. ოდიშური ნავის პრაქტიკული მნიშვნელობა საჩინო გახდა ბოლოდროინდელი წყალდიდობებისას, როცა მისი შემწეობით სამაშველო სამუშაოებს ასრულებდნენ.
ლიტ.: ზ. კუტალეიშვილი, დასურათებული ლექსიკონი, 2008.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9