ობ ოგ ოდ ოთ ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოფ ოქ ოყ ოჩ ოწ ოჭ ოხ
ოკა

ოკათური

(მეგრ.) - მესაქონლეობასთან დაკავშირებული შრომის ორგანიზაციის დიდმასშტაბიანი ფორმა - მსხვილფეხა საქონლის მეპატრონეთა გაერთიანება. შრომის ორგანიზაციის ეს წესი დაკავშირებული იყო მესაქონლეობის ერთ-ერთ ფორმასთან - მთა-ბარობასთან. მთა-ბარობა გულისხმობდა ძირითადი დასახლებისაგან ტერიტორიულად მოწყვეტილი საქონლის ჯოგისა და მომვლელი პერსონალის მუდმივ მოძრაობას ცენტრალური კავკასიის საზაფხულო საძოვრებიდან დასავლეთ საქართველოს საგაზაფხულოსაშემოდგომო და საზამთრო საძოვრებისაკენ და პირიქით. მესაქონლეობის ასეთი მობილური ხასიათის მიუხედავად, მთა-ბარობა სტრუქტურულად მჭიდრო სამეურნეო-ეკონომიკურ და ორგანიზაციულ კავშირში იყო მიწათმოქმედებითა და სხვა დარგებით დასაქმებულ ძირითად მოსახლეობასთან. საქონლის მოვლასთან დაკავშირებულ სამუშაოთა წლიურ ციკლს ოჯახის ერთეული წევრები - მამაკაცები უძღვებოდნენ, რომლებიც ამ მიზნით ოკათურის შრომის ორგანიზაციის ფორმაში იყვნენ გაერთიანებული. ალპური საძოვრების სიშორე საქონლის საზაფხულო საძოვრებზე გადარეკვისას დიდ სიძნელეებს უქმნიდა მეჯოგეებს. მაგალითად, ენგურის ხეობის ზემო წელის სოფლების მესაქონლეებს კოლხეთის დაბლობის საზამთრო საძოვრებიდან სვანეთ-აფხაზეთის მთებამდე უნდა გაევლოთ. გარდა ამასთან დაკავშირებული სიძნელეებისა, ოკათურის აუცილებლობას ქმნიდა ამხანაგობის მრავალრიცხოვანი (დაახლ. 800-1000 სული საქონელი) ჯოგისათვის საძოვრის გარკვეული ფართობის დაქირავებისა და ექსპლუატაციის ორგანიზაციულ-ეკონომიკური მხარეც. XIX ს. ბოლოსა და XX ს. დასაწყისში ოკათური ძირითადად ტერიტორიულ მეზობლურ გაერთიანებას წარმოადგენდა. ოკათურის ორგანიზაცია უშუალოდ საქონლის საზაფხულო საძოვრებზე გადარეკვის წინ იწყებოდა. ამხანაგობა ირჩევდა მეთაურს (დუდი კოჩი), რაც ამ პირის ასაკითა და მეურნეობრივი გამოცდილებით იყო განპირობებული. მას ევალებოდა ყველა საორგანიზაციო საკითხის მოგვარება, წესრიგის დაცვა და ა.შ. საზაფხულო საძოვრებზე ასვლის პირველსავე დღეს ხდებოდა ჯოგის დაყოფა ცალკეული სახის საქონლის (მეწველი დედა საქონელი, ცხენის ჯოგი, თხის ჯოგი, ბატკნების, ცხვრის, ხარის, ხბოს და ა.შ.) მიხედვით, მათთვის საძოვრის შესაბამისი უბნის გამოყოფა და მწყემსების განაწილება ცალკეული სახის საქონელზე. გამოიყოფოდა აგრეთვე მეხელე ყველისა და საჭმლის დასამზადებლად და საერთო ყველის მოსავლელად, ნაცვალი - მეხელეს დამხმარე პირი შეშის მოსატანად, ჭურჭლის დასარეცხად და ა.შ. მეთიე//მეკერძე - მწყემსებისათვის კერძის მიმტანი და მაჯინუ - მონადირე, რომელსაც აგრეთვე საქონლის ნადირისაგან დაცვაც ევალებოდა. აღნიშნულ პირთაგან განსაკუთრებით საპასუხისმგებლოდ მეხელეს მოვალეობა ითვლებოდა, რადგან მეგრელ მესაქონლეთა ერთ-ერთ ძირითად შემოსავალს ყველი წარმოადგენდა, რომელიც ნაწილდებოდა ცალკეულ წევრთა მეწველი საქონლის რაოდენობის მიხედვით. დამზადებული პროდუქტი პერიოდულად ცხენებით ბარში ჩაჰქონდათ გასაყიდად. შემოდგომაზე, ალპურ საძოვრებზე აცივებასთან ერთად, ოკათური იშლებოდა. მისი წევრები ნაწილდებოდნენ და თავიანთი ჯოგებით მთის ძირის საშემოდგომო საძოვრებზე ინაცვლებდნენ და ნოემბრის ბოლოს - დეკემბრის დასაწყისში საზამთრო საძოვრებს აღწევდნენ. ოკათური, ისევე, როგორც მონარეობა (იხ.), დამყარებული იყო თანაბარუფლებიანობის პრინციპზე, რასაც მისი წევრების საქონლის დაახლოებით თანაბარი რაოდენობა განსაზღვრავდა. აქაც, ისევე, როგორც მონარეობაში, გამორიცხული იყო დაქირავებული შრომა. მესაქონლეობასთან დაკავშირებული შრომის ორგანიზაციის ტრადიციული ფორმების პარალელურად XIX ს. II ნახევარში სოფლად კაპიტალისტურ ურთიერთობათა განვითარებასთან დაკავშირებით, ჩნდება და მნიშვნელოვან ადგილს იჭერს დიდფარიან მეცხვარეთა (აღმოსავლეთ საქართველო) და მსხვილი მეჯოგეების (სამეგრელო) მეურნეობები, რომლებიც ძირითადად დაქირავებული მწყემსების შრომას ემყარებოდა.
ლიტ.: ნ. აზიკური, შრომის ორგანიზაციის ფორმები თუშეთის მეცხვარეობაში. მსე XXI, 1981. ვ. შამილაძე, მესაქონლეობა სამეგრელოში, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს კულტურა და ყოფა, II, 1974.
თ. გ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9