სპილენძის ჟანგი, იხმარება თიხის ჭურჭლის ჭიქურქვეშა მოხატულობისათვის, ამავე დროს, იგი მწვანე ჭიქურის კაზმის აუცილებელი შემადგენელი მასალაა. თოგალს მაიასაც უწოდებენ. თოგალი სპილენძის დამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენია.
თიხის სპეციალისტი თოგალს გააშრობს და „თონის ცალზე“ (იხ.), ანდა ტყვიის საწვავ ქურაში დაწვავს. თოგალი შავია, ცეცხლს რომ შეუკეთებენ გაწითლდება, ცეცხლიდან გადმოღებული ნაცრისფერი ხდება. დამწვარი თოგალი, ანუ „მაია“ ჭიქურის შემადგენელი წამლებიდან წისქვილში ყველაზე ბოლოს უნდა დაიფქვას, შემდეგ წისქვილი კარგად უნდა გაირეცხოს, რადგან მისი ფერი სხვას არ შეერიოს. თაღარში ჩაყრილ დაფქულ თოგალს, ზომაზე დაასხამენ წყალს ისე, რომ დოსავით იყოს, ოდნავ სქელი. გახსნილგამზადებული თოგალით ჭურჭელზე მოხატვა ხდება საგანგებო ყალმით, კახელი ხელოსნები ვირის ფაფრის გარდა კამეჩის ბალნით ან ცხენის ძუის ფუნჯით სარგებლობენ. შროშელი მეჭურჭლეები ჭურჭელს, ჯოხზე დახვეული ბამბის საშუალებით ხატავენ. მოხატვის დროს მეჭურჭლე უნდა ფრთხილობდეს, რათა ზედმეტი რაოდენობით წასმული თოგალის სითხე ჭურჭელზე არ ჩამოიღვენთოს.
სიტყვა „თოგალი“ ეტიმოლოგიურად უნდა უკავშირდებოდეს ბიბლიაში მოხსენიებულ თუბალს, რომელიც იყო სპილენძისა და რკინის მჭედელი, ქართველური მოდგმის ერთ-ერთი უძველესი ტომი თუბალები - განთქმული იყვნენ მელითონეობით.
ლიტ.: ს. ბედუკიძე, მოჭიქული ჭურჭლის წარმოებისათვის შიდა ქართლში, მმ, ტ XIX-A XXI-B, 1957.
მ. ზ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,