მრგვალფოთლიანი მცენარე, შემოდგომით ფოთლები უწითლდება. იხმარებოდა ტყავის წარმოებაში ნამზადის დასარბილებ ლად. მოთრიმვლა ტყავის დამუშავების ერთი ეტაპია. მთრიმლავ ნივთიერებათა აღმოჩენამდე დაბღები ტყავს ამუშავებდნენ თბილისის გოგირდოვან წყაროებში. რის გამოც თბილისი ითვლებოდა ამიერკავკასიის ქალაქთა შორის მედაბღეთა ცენტრად. თრიმლის გამოყენებამ უფრო ეფექტური გახადა ტყავის დამუშავება, ტყავის თრიმვლა ხდებოდა დაბახანაში. თბილისის ერთ-ერთი დაბახანა 1957 წლამდე მუშაობდა ძველი წესებით. დაბახანაში სამი განყოფილება იყო: პირველში ტყავის პირველადი დამუშავება ხდებოდა; მეორეში ტყავს ბეწვის გაცლა, მესამე განყოფილებაში კი ტყავების დათრიმვლა წარმოებდა. საქონლის ერთ ტყავს კირნარევ წყალთან ერთად დაფქულ თრმილს აყრიდნენ. სამუშაოს გაადვილებისათვის თაღრის (იხ.) კედელზე ორივე მხარეს ამაგრებდნენ ორ გრძელ ხეს, მათზე დაყრდნობით ფეხებით ზელდნენ შიგ ჩაწყობილ ტყავებს. შემდეგ ერთი ღამე ტოვებდნენ თაღარში, დილით ერთ საათს კიდევ დაამუშავებდნენ, დემურით გაასუფთავებდნენ და გასაწურად კეტებზე გადაკიდებდნენ. შემდეგი მოქმედება იყო ტყავზე წყლის პკურება და გაშრობა. ერთი დღე-ღამე ხეებზე გაფენდნენ გასაშრობად. დილისათვის თუ გაშრებოდა, ჯაგრისით გაწმენდნენ. ბრტყელპირა ჩაქუჩით ტყავის ნაპირებს გაასწორებდნენ. დროთა განმავლობაში ტყავის გასწორების მეთოდის გაუმჯობესების მიზნით ეთილი (იხ.) გამოუყენებიათ. ის ტყავს უფრო კარგად ასწორებდა და ლესავდა კიდეც, გარდა ამისა, ტყავი დიდდებოდა, ეთილი ტყავს სინესტეს აცლიდა და გამძლეობას მატებდა.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,