ელვარე და უაღრესად მყარი ძვირფასი ქვა, რომელიც ფართოდ იყო გამოყენებული ქართულ საიუველირო ხელოვნებაში. ალმასით არის შემკული მცხეთის ნეკროპოლში აღმოჩენილი ნივთები. შუასაუკუნეების ხატები და ხელნაწერთა ყდები. ალმასი ჩვენში გამოყენებული იყო ტექნიკური მიზნებისათვისაც. კერძოდ, ალმასით იხვრიტებოდა ძვირფასი ქვებისაგან დამზადებული მძივები. ალმასი არის თეთრი (წყლის ფერი), შავი და მოყვითალო, რომელთაგან შავი ფერის ალმასი უფრო ღირებულია. საქართველოში ალმასის დამზადება არ ხდებოდა, იგი შემოჰქონდათ ინდოეთიდან, შემდეგ კი ევროპიდან. ალმასი ასევე გამოიყენება მინის საჭრელად. ალმასის სინონიმს ძველ ქართულ მწერლობაში წარმოადგენს „ანდამატი“.
ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
ე.ნ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3