ია იე იზ ილ იმ ინ ირ ის იჩ იჯ
იაგ იაი იალ იარ იატ იაფ იაღ

იარაღი

თავდასხმის მოსაგერიებლად და ბრძოლის საწარმოებლად განკუთვნილი საომარი იარაღების ზოგადი სახელწოდება. როგორც ტერმინი იგი უკვე XV-ს-დან ჩნდება და თანაარსებობს აბჯართან ერთად. მომდევნო ხანებში უკვე დამკვიდრებული სიტყვაა. საბას განმარტებით „იარაღი... არს ჭურჭელნი ხელოვანთა სახმარნი რკინათა თუ ძელთაგან, მეომართა აღსაკაზმავი, გინა ცხენთა“. საგულისხმოა, რომ თუ აბჯარში იგულისხმებოდა მხოლოდ საბრძოლო იარაღნი, თავად იარაღში - გარდა ამისა, შედიოდა აგრეთვე სახელოსნო ნივთნიც.
ქართველი მთიელები იარაღს, თავის პრაქტიკული საჭიროების გამო, ძალზე აფასებდნენ და ამავე დროს, მრავალ ზებუნებრივ ძალას მიაწერდნენ. ამიტომაც მან აქტიურად შეაღწია ხალხის ყოფიერებაში და სულიერ ცხოვრებაში. ხშირი იყო ტაძრებში იარაღის შეწირვის შემთხვევები. ტაძარში იარაღის შეწირვის ერთ-ერთ მიზანს, მისი საიმედო ადგილზე შენახვა წარმოადგენდა, რათა ხალხს დიდხანს დამახსოვრებოდა- ვის ეკუთვნოდა ეს იარაღი, როდის და რატომ შესწირეს იგი ხატს. საკულტო სალოცავში იარაღის შეწირვა ატარებდა სარწმუნოებრივ შინაარსს. მომავალი დედა, როცა მშობიარობისთვის ემზადებოდა, ბალიშის ქვეშ ხანჯალს იდებდა, რათა არ მიეშვა ავი სულები ახალშობილთან (ყველა მთიელის წესია). ზოგან მშობიარეს ხანჯალი ხელში ეჭირ (ფშავი), ხოლო მეუღლე, ან რომელიმე ახლო ნათესავი იარაღით ხელში ახლომახლო იმყოფებოდა, რათა სროლით გადაედევნა უწმინდური და შეემსუბუქებინა ქალისათვის მშობიარობის სიმძიმე. მეორე მხრივ, ახალშობილისთვის გაეცნო მამაცობის პირველი გაკვეთილი. ამავე მიზნებით, ბავშვის აკვანს აბამდნენ ხმალს ან დაშნას, ანდა თავქვეშ უდებდნენ დანას. ბავშვის ავადმყოფობის შემთხვევაში წყალში დებდნენ ხმალს, ხოლო შემდეგ ბანდნენ ბავშვს ამ წყლით.
იარაღს არანაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა „ჯვრისწერის“ დროს. ტაძრისა და სასახლისაკენ მიმავალ გზებზე ახალდაქორწინებულებს აუცილებლად შეიარაღებული ახლობლები და ნათესავები, მაყრები აცილებდნენ, რომლებიც განასახიერებდნენ ყოველნაირი უბედურებისაგან დამცველ ძალას, ანუ მაგიური ძალის მფლობელს. მომავალში იგი გადაიქცა ქორწილის ჩვეულებრივ დამატებად. ამასვე განეკუთვნება ფართოდ ცნობილი ტრადიცია-ახალდაქორწინებულთა გავლა გადაჯვარედინებული ხმლების ქვეშ. ფშავში ახალდაქორწინებულები სახლში შესვლამდე ცივი იარაღით გარს უვლიდნენ სახლს და ურტყამდნენ კედლებს. თუშეთში პატარძალს კარებთან უნდა გადაებიჯებინა ხანჯალზე ან ქუდზე. მოახლოებული სტუმრები კი თოფის სროლით ამცნობდნენ სოფელს ამის შესახებ. სვანური ქორწილის დროს ხდებოდა ქალიშვილის სახლში მალულად „ტყვიის შეგდება“ ანდა თოფის გასროლა მის კარებთან შემდეგი წამოძახილით: „დღეის ამას იქით ეს ქალიშვილი ჩვენია.“
საბრძოლო იარაღს დაკრძალვის დროსაც იგივე მნიშვნელობა ენიჭებოდა. მაგ., ხევსურეთში გარდაცვლილს მარჯვენა ხელში აჭერინებდნენ ხმალს, მარცხენაში-ანთებულ სანთელს და წარმოთქვამდნენ: „მშვიდობიანად იმგზავრე იმქვეყანაში, გზა შენთვის ხსნილია, შენი სულისთვის გზა ნათელია, ნუ დარჩები სიბნელეში, არ შეშინდა, ხმლით მოიგერიე მტერი, იყავ გულმაგარი,“ ხოლო დატირების დროს ჭირისუფლები გარდაცვლილის ხანჯალს ან ხმალს დებდნენ და მასზე დაიტირებდნენ. დასაფლავების შემდეგ, რამდენიმე ხნით იკრძალებოდა შრომა და თოფის სროლა. ამ წესის დარღვევა ლაჩრობად ითვლებოდა და ხშირად შუღლში გადადიოდა. ასეთი წესი იყო მთელს ხევსურეთში, არხოტის გარდა, რადგან არხოტი მდებარეობდა სასაზღვრო ზოლში, თოფის სროლის აკრძალვა კი სახიფათო ხდებოდა, სროლა მხოლოდ დაკრძალვის დღეს არ შეიძლებოდა.
საბრძოლო იარაღს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ვაჟკაცის კაი ყმად გამოცხადების დროსაც. როდესაც ყმაწვილს უსრულდებოდა 15 წელი, ხევსურები მას საზეიმოდ გადასცემდნენ ოჯახის საბრძოლო იარაღს. მას წინ უძღოდა ფეხონზე ყმაწვილის ღირსებებზე საუბარი და საერთო ნება-სურვილი - „დროა, ამ ვაჟკაცმა აისხას იარაღი.“ წლების განმავლობაში საბრძოლო იარაღი, ხანჯალი და ხმალი, წარმოადგენდა ქართული ეროვნული ტანსაცმლის (ჩოხის) აუცილებელ ელემენტს. ხევსურულ ტანსაცმელში კი ყოველთვის გათვალისწინებული იყო ადგილი საბრძოლო სათითენისათვისაც (საცერული), ქართულ ჩოხას ჰქონდა ხმლისა და ხანჯლის ჩამოსაკიდი ადგილები, უფრო გვიან გაჩნდა სავაზნე ჯიბეები.
მთიელებში ის მხარე, რომელსაც საუკეთესო ხარისხის საბრძოლო იარაღი ჰქონდა და გამოჩენილი იყო თავისი გამარჯვებებით, სარგებლობდა შესაბამისი ავტორიტეტით. ის ოჯახი, რომელსაც ასევე გააჩნდა საუკეთესო საბრძოლო იარაღი, დიდი პატივით სარგებლობდა. თანაბარი ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დროს, საუკეთესო იარაღის ქონა ხშირად გადაწყვეტდა ორთაბრძოლის ბედს.
საბრძოლო იარაღის დიდ მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს ის გარემოებაც, რომ გაცვლითი ოპერაციების დროს იარაღი ფულის ეკვივალენტურ ფასეულობად ითვლებოდა. მთიელთა წესის მიხედვით, ოჯახის გაყრის დროს გარდაცვლილი მამის ქონება ძმებს შორის თანაბრად იყოფოდა, მაგრამ ეს წესი არ ეხებოდა საბრძოლო იარაღს, „მამის ერთი მთავარი იარაღი“ გადაეცემოდა მხოლოდ უფროს ვაჟს.
ლიტ.: ი. ყეინაშვილი, ქართული საბრძოლო სისიტემები ტრადიცია და ისტორია 2002. ს.მაკალათია, ხევსურეთი, 1984.
ე.ნ.
მ. ქ.
Source: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი = Ethnoraphic dictionary of the georgian material culture = Das ethnographisce Lexikon der georgischen materiellen Kultur = Le dictionnaire ethnologique de culture materielle = Этнографический словарь грузинской матриальной културы / საქ. ეროვნ. მუზეუმი ; [პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ.]. - თბ. : მერიდიანი, 2011. - 610 გვ. : ფოტოილ. ; 30 სმ.. - თავფურ., შესავალი ქართ., ინგლ., გერმ., ფრანგ. და რუს. ენ.. - ეძღვნება აკად. გიორგი ჩიტაიას ხსოვნას. - ISBN 978-9941-10-489-3,
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9